Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როდის აშენდება და როგორი იქნება "მირზაშაფი"?

59ec3ef0d67c6
BM.GE
22.10.17 11:00
924
მირზა - შაფის პროექტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA ავრცელებს. პროექტის მიმდინარეობასა და ბიზნეს ჯგუფის სხვა საინვესტიციო მიმართულებებზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ის დამფუძნებელი და კომპანია "ქართული ზეთისხილის“ ზელმძღვანელი გიორგი სვანიძე საუბრობს.

-ბატონო გიორგი, პროექტთან დაკავშირებით დღეს რა სახის სამუშაო მიმდინარეობს და მირზა - შაფის პროექტის მშენებლობის ვადების დასახელება თუ არის შესაძლებელი?

- სამშენებლო ნებართვები თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია. პროექტი 35%-ით შემცირდა, თითქმის განახევრებულია. არქიტექტორები როგორც აღნიშნავენ პროექტი ძალიან მოუხდა თავისი მცირე მასშტაბებით ამ ლამაზ კუთხეს აბანოთუბანში.

-შენიშვნების პროცესი ამოწურულია?

-რა თქმა უნდა, ძველი პროექტი აბსოლუტურად ჩაიხსნა, ორ ნაწილად გაიმიჯნა, შუაში გადმოვიდა ჩანჩქერი, პიაცა გაკეთდა და დიდი საზოგადოებრივი სივრცე, რაც ძალიან ეფექტურია და მოუხდა ადგილს.

-ამჟამად რა ეტაპზეა პროექტის განხორციელება?

-ამ ეტაპზე სატენდერო მასალებზე ვმუშაობთ, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება, რაშიც მსოფლიო დონის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და ტედერის გამოცხადების შემდეგ უკვე პროექტის განხორციელება დაიწყება.

-რას გვეტყვით, თქვენი ბიზნეს ჯგუფის სხვა საინვესტიციო პროექტებზე, ვიცით ზეთისხილის მიმართულება, რომელიც საკმაოდ კარგად ვითარდება, დღეს რა ეტაპზეა პროექტი?

-მოხარული ვარ, რომ ღმერთმა საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების და კულტურის შემოტანის ბედნიერება ჩვენ გვარგუნა. ჩვენ თურქი პარტნიორები გვყავს, ვისთანაც ერთად ვახორციელებთ ამ პროექტს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი პატრიარქის კურთხევით განხორციელდა. ვფიქრობ, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ბაზარზე უკვე რეალურად ნამდვილი ქართული ზეითუნის ზეთი მიიღო. ეს სუფთა ნატურალური ზეთია და მომხმარებელს ვურჩევ, როდესაც დახლზე ზეთს დაინახავენ, აუცილებლად გადახედონ წარწერას, თუ რისგან შედგება პროდუქტი. დღესდღეობით საქართველოში შემოსულ, იმპორტულ ზეითუნის ზეთებში მხოლოდ 30%-ია ზეითუნის ზეთი და დანარჩენი დანამატებია. ქართული ზეითუნის ზეთი კი ის ნატურალური პროდუქტია, რომელიც დაკრეფილი, დაწურული და პირდაპირ გამოტანილია.

-საექსპორტო მიმართულებებით თუ ხართ დაინტერესებული ?

-ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველად მოთხოვნა ჰოლანდიიდან იყო და ამ წუთს ხელშეკრულების დონეზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჰოლანდია პირველი ქვეყანა იქნება და შემდგომ სხვა ევროპის ქვეყნებიც დაგვემატება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაშიც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა პროდუქტმა. შესაბამისად მოთხოვნაც არის. ამ ბაზრებს რუსეთი და ყაზახეთი ემატება. ექსპორტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ. გარდა ამისა, ’’კარფურთან“ გვაქვს ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი და მთელ მის ქსელში ყველგან შევა ჩვენი ქართული პროდუქტი.