Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სანქციები კომპანიებს - შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის დეტალები

59f74b8852efd
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 10:00
1222
"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს ერთსა და იმავე დარღვევაზე სხვადასხვა ოდენობის ჯარიმებს დააკისრებს,- შესაბამისი ინიციატივა შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს აქვს.

სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია "საქმის კურსთან" შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, განსხვავებული საჯარიმო სანქციები უფრო მეტი ეფექტურობისთვის არის საჭირო. ჯგერენაია განმარტავს, რომ ჯარიმა, რომელიც ეფექტისმომტანია მცირე საწარმოსთვის, შესაძლოა, არ იყოს ეფექტური მსხვილი საწარმოს შემთხვევაში.

შესაბამისად, კომპანიები დაიყოფიან მათი შემოსავლისა და ბრუნვის მიხედვით და სანქციები ამის მიხედვით დაეკისრებათ. მაგალითად, მცირე საწარმოდ ჩაითვლება 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე, შემდეგი რაგნის საწარმო იქნება 100 000-დან 500 000-ლარამდე შემოსავლის მქონე და 500 ათასი ლარიდან ზემოთ შემოსავლის მქონე საწარმოები.

ჯგერენაიას ინფორმაციით, კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები შევიდა და დოკუმენტმა სანქციების ოდენობებიც განსაზღვრა. სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ჯარიმები 50 ლარიდან დაიწყება და ყველაზე მკაცრი სანქცია წარმოების შეჩერება იქნება.

„ჩვენი იდეაფიქსი არ არის ბიუჯეტში შემოსავალი გაჩნდეს, ჩვენი იდეაფიქსია, რომ ხარჯი, რომელიც უნდა გადაეხადა სანქციის სახით კომპანიას, მოახმაროს დასაქმებულებისთვის პირობების გამოსწორებას,- აცხადებს ელზა ჯგერენაია.

სანქციები საწარმოებს დაეკისრებათ როგორც ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დარღვევაზე, ასევე, მონიტორისთვის ხელისშეშლის შემთხვევებშიც. დარღვევების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება.

კანონპროექტში დარჩა ის მუხლი, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებული უბედური შემთხვევებისგან დაიცვას, ასევე, ჯგერენაიას თქმით, დამსაქმებლებს ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულებაც. პირველ ეტაპზე ეს ნორმა გავცელდება მძიმე და მავნე სამუშაოზე დასაქმებულებისთვის, თუმცა, საკითზე პარლამენტი იმსჯელებს და შესაძლოა, შემდეგ ეტაპზე სხვა სფეროებზეც გავცრელდეს.

სანამ კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენაზე გავა, მასზე სპეციალური კომისია იმსჯელებს, რომელიც პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით შეიქმნა.