19.Feb .2021 12:23

„ქართველი მხატვრების მიერ დანახული პანდემია“ - ხათუნა მელიქიშვილი ქალების ნარატივში

Back

"პირველი ლოქდაუნისას, ინტერესი იგრძნობოდა, როგორც ჩანს, ამ პერიოდში, ადამიანებს ინტერიერის შეცვლაც მოუნდათ" - გალერეა "მოდერნას" დამფუძნებელი ხათუნა მელიქიშვილი „ქალების ნარატივში“

 

-როგორც თავად აღნიშნეთ, ბოლო პერიოდში, სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ ხელოვნებაში ჩართულობის ინსპირაცია. ამას რას უკავშირებთ?

-ალბათ ხალხი დაიძაბა, სტრესის დროს კი ჩნდება ხოლმე გართობის, თვითგადარჩენის სურვილი, ზოგმა ეს გამოხატა კულინარიაში, ქსოვაში და ხატვაშიც. შესაბამისად, ვიღებდი ხოლმე მათ მიერ გამოგზავნილ ნიმუშებს. გაუჩნდათ გალერეაში გამოფენის მოწყობის სურვილიც. 

 

-პირადად თქვენთან რა ინსპირაცია გაჩნდა?

-მეც დავიწყე და ვცადე კულინარია. სხვათა შორის, საწყის ეტაპზე, სერიოზულ ფილმებს ვერ ვუყურებდი, ეტყობა, შეშინებული ვიყავი. მომწონდა მულტფილმების ყურება.  

შემდეგ, უკვე გალერეაში დავიწყეთ დახარისხება, გადარჩევა. რისთვისაც დრო არ გვრჩებოდა ხოლმე - არქივების შექმნა, დაპროექტება, ამისთვის მოვიცალეთ. გადადებული საქმეების განხორციელება დავიწყეთ. 

 

-მხატვრების ახალ ნამუშევრებში თუ აისახა პანდემიის პერიოდი?

-ასე ვერ ვიტყოდი, იმდენად მოულოდნელი იყო ეს, რომ აღქმაც ვერ მოვასწარით. თუმცა მხატვრებისთვის, შეიძლება ვინმესთვის სტრესული ყოფილიყო, მაგრამ თვითონ რეჟიმი, რომ წყნარად იჯდე შენთვის ჩაკეტილი, ბევრი დრო გქონდეს და გააკეთო, მათთვის ჩვეულია.

 

-გაყიდვების კუთხით რა მდგომარეობაა, ონლაინ რეჟიმმა თუ გააჩინა განსხვავებული შესაძლებლობები?

 -ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ახლა ვიყენებთ, ისედაც გვქონდა, უბრალოდ ამას ვიყენებდით უფრო სარეკლამო მიმართულებით. თვითონ არტი ძალიან ცოცხალი სპეციფიკაა, დამთვალიერებლებიც შოუს მონაწილეები ხდებიან, ეს ემოციურია და ახდენს გავლენას. მგონია, რომ დროთა განმავლობაში, ეს ისევ თავის ადგილს დაუბრუნდება. რაც შეეხება მყიდველებს, თავიდან რომ დავიკეტეთ, მეგონა, რომ დამთავრდა ყველაფერი, ვერ გავყიდდით. ის მამშვიდებდა, რომ მალფუჭებადი პროდუქტი არ იყო, ამ მხრივ, დროის ფაქტორი პირიქით მუშაობს. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ პირველი ლოქდაუნისას იგრძნობოდა ინტერესი, გვწერდნენ შეკითხვებს. შემდეგ ვიფიქრე, რომ სახლში ყოფნისას, ალბათ, ინტერიერის შეცვლაც მოუნდათ, მეტი დრო დარჩათ რაღაცების გასაცნობად.   

 

-2 საგამოფენო დარბაზი გაქვთ, რას ნიშნავს თქვენთვის გალერეა?

-გავიზარდე ხელოვანთა ოჯახში, ეს არის ჩემი ნაწილი. ეს საქმე უნდა გიყვარდეს, ისე ძალიან რთულია. გალერეა არაა შოურუმი, რომ შემოუშვა, დაკიდონ, წავიდნენ. ეს მოიცავს წლებს, მხატვართან ურთიერთობს, ახალი მხატვრების პოვნას, პროექტზე ერთად მუშაობას. აღსანიშნავია, მიმართულების მიცემა, დიალოგი მხატვარსა და გალერისტს შორის, მნიშვნელოვანია, მხატვარი  გენდობოდეს, მოგყვებოდეს, იღებდეს შენიშვნასა თუ კომპლიმენტს. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მაშინ გავხსენით გალერეა, ჩვენი ლოკაციები შეიცვალა, ეს 90-იანი წლების ბოლოს იყო, მაშინ საერთოდ გაუგებარი იყო რას და როგორ ვაკეთებდით და აქედან რომ რამე მოგება ვქონოდა, წარმოუდგენელი იყო. მაგრამ მუშაობა იყო საინტერესო.  ახლა ვინც არიან წამყვანი მხატვრები, პრინციპში, მაშინ მათთან ერთად ვიწყებდით.

 

-როგორც ვიცი, თავადაც ხატავდით; საკუთარი გამოფენის გაკეთებას თუ აპირებთ? 

-ყოველთვის ვხატავდი, მაგრამ ჩემთვის დრო არ მრჩებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ყველაფერს კრიტიკულად ვუყურებ, ჩემი თავის მიმართაც ძალიან კრიტიკული ვარ. ვფიქრობ, მხატვრების რეაქციებზეც.

 

-რამდენად მომგებიანია საგალერეო ბიზნესი საქართველოში?

-საგალერეო ბიზნესი არის სხვა სფეციფიკის, ახასიათებს გრძელვადიანობა. გალერისტი როცა კიდებს მხატვარს ხელს, იწყებს ზრუნვას მის პოპულარიზაციაზე, ფასების მატებაზე, ცდილობს გაიყვანოს საზღვრებს გარეთ გამოფენებზე და ა.შ. ნელ-ნელა კი მათი ნახატებით, სერიოზული კოლექცია გროვდება, რაც თავისებურად სახსრების დიდი დაბანდებაა. 

 

-თქვენთვის რომელი პროექტია გამორჩეული?

-გავიხსენებ პროექტს „სიყვარულის ტერიტორია“, რომელიც დიდ სადარბაზოში მოეწყო.  წავიყვანე ოლეგ ტიმჩენკო მის სანახავად და შევთავზე საგამოფენო სივრცედ. პროექტის კონცეფცია იყო ეროტიკა. ეს იყო დაახლოებით 5-6 წლის წინ. ერთდღიანი გამოფენის მერე, ნამუშევრები საგამეფონო სივრცეში გადმოვიტანე.   

 

-იუმორის გრძნობა თუ გეხმარებათ?

-რა თქმა უნდა, ვცდილობ, ყველაფერში პოზიტიური დავინახო.



სტუმარი: ხათუნა მელიქიშვილი - გალერეა მოდერნას დამფუძნებელი