Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის"

5a6d87674668d
BM.GE
28.01.18 16:16
817
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მჭიდრო კავშირი აქვთ, როგორც ქართულ ასევე ჩინურ საბაჟო უწყებებთან და ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის ინფორმირების გაზრდას ცდილობენ. მისივე თქმით, ჩინეთმა და საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ის შეღავათები, რომელსაც მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აწესებს.

"კერძო სექტორებს შორის გარკვეული ინფორმაციის ნაკლებობა იყო და ვეცადეთ, მაქსიმალურად აღმოგვეფხვრა. ამ ეტაპზე შეთანხმების ამოქმედებასთან დაკავშირებით არანაირ შეფერხებას არ აქვს ადგილი. ჩინურ ბაზარზე ჩვენი მწარმოებლების მთლიანი პოტენციალი ათვისებული არ არის, რისთვისაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გამოყენებული. აღნიშნული შეთანხმება ჩვენს ექსპორტიორებსა და საქართველოში წარმოებულ პროდუქტს საშუალებას მისცემ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს, რაც გაზრდის, როგორც პროდუქტების რაოდენობას, ასევე ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის მოცულობას“- ამბობს გენადი არველაძე.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, საქართველო ჩინეთში ღვინის, სპილენძის მადნების, თხილის, კაკლის, მინერალური წყლის, მანგანუმის ოქსიდებისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტს ახორციელებს, თუმცა დასძენს, რომ აღნიშნული პროდუქციის რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს.

„სწორედ მეტი პროდუქტის გატანა იყო შეთანხმების მთავარი მიზეზი და მიზანი. ჩინელებს საქართველოში წარმოებული პროდქცია განსაკუთრებით მოსწონთ და მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება“- აღნიშნავს გენადი არველაძე.

ტურისტულ ჯგუფებთან დაკავშირებით კი არველაძე აბობს, რომ საქართველოს ძველი 1994 წლის შეთანხმება აქვს, რომელიც არ მოქმედებს, რადგან იქ მითითებული განმახორციელებლი უწყებები რეალურად უკვე აღარ არსებობს და შესაბამისად, შეთანხმებაც ძალიან მოძველებულია.

"აღნიშნული შეთანხმების განახლებაზე 2015 წელს დავიწყეთ მუშაობა, რაც ორივე მხარის ტურისტული ჯგუფებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებას იწვევს და არა უვიზო მიმოსვლას. უვიზო მიმოსვლაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ამ ეტაპზე სავიზო პროცედურების გამარტივება მოლაპარაკების პროცესშია, რომლის შედეგიც მხარეების შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული“- აცხადებს არველაძე.