Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირამიდა ჩანთები "ნოასგან" - ქართული ბრენდი ევროპაში იყიდება

59de2e9b89bcb
სალომე მეცხვარიშვილი
12.10.17 10:00
1279
"ნოა" აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც გერმანიაში დაიბადა. თამარ კობიძემ პირამიდის ფორმის პირველი ჩანთა ბერლინში პირადი მოხმარებისთვის დაამზადა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ინოვაციური ფორმისა და დიზაინის აქსესუარმა მეგობრებსა და ახლობლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ გარემოცვამ უბიძგა პროფესიით ჟურნალისტ თამარ კობიძეს ბიზნესის ჩამოყალიბება და "ნოაც" სავაჭრო ნიშნად იქცა.

კომპანიის დამფუძნებელი დღეს ამბობს, რომ დიზაინერობაზე არასოდეს უფიქრია და პრეტენზია არც ახლა აქვს, რამდენადაც შესაბამისი განათლება არ გააჩნია. თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ პროდუქცია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გაყიდოს.

„ნოას“ ბრენდის ქვეშ დღეს ნატურალური ტყავით დამზადებული ჩანთები, ზურგჩანთები, ქამრები იწარმოება. უახლოეს მომავალში დამფუძნებელი ფეხსაცემელების დიზაინის შექმნასაც აპირებს.

"ეს არის ნატურალური ტყავით დამზადებული, ინოვაციური და უცნაური ფორმის ჩანთები და აქსესუარები. ბრენდი ამბობს ახალ სიტყვას როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო მოდის ბაზაზე. ყველა ნივთი უცნაური და განსაკუთრებულია, ბრენდი პოპულარული პირმიდა ჩანთების მეშვეობით გახდა. "ნოას" ატარებენ ცნობადი სახეები,არამარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც",- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ბრენდის ცნობადობის გაზრდა ეტაპობრივად, თუმცა, საკმაოდ მოკლე დროში მოხდა. "ნოა" სულ ერთი წლისაა, ბრენდის ჩანთები კი უკვე იყიდება არაერთ ქვეყანაში, მათ შორის: უკრაინაში, ყაზახეთში, ბელგიაში, იტალიაში, ამერიკაში.

საზღვარგარეთიდან პირველი შეკვეთა ყაზახეთიდან მიიღო. დამფუძნებლისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც შეიტყო, რომ „ნოას“ ჩანთა ცნობილმა ყაზახმა მომღერალმა შეიძინა, რის შემდეგაც შეკვეთების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შემდეგ იყო შეკვეთები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მილანში "ნოას" მოხვედრა კი ერთ-ერთი ცნობილი "ბაიერის" დამსახურებაა. თამარ კობიძე აცხადებს, რომ მეგობრის მეშვეობით მის მიერ დამზადებული პროდუქცია ცნობილ „ბაიერს“ აჩვენეს, რის შემდეგაც ჩანთა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც მოხვდა. როგორც დამფუძნებელი ამბობს, უახლოეს მომავალში „ნოას“ აქსესუარი ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალშიც დაიბეჭდება, თუმცა, თამარ კობიძე ჟურნალს ჯერჯერობით არ ასახელებს.

„ნოას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ინვესტორებისგან არაერთი შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან, ამჟამად კი ერთ-ერთ იტალიურ ბრენდთან კოლაბორაციაზეც ფიქრობს. "ნოას" ზურგჩანთების დასამზადებლად, რომლის „პრინტებიც“ ხელით იხატება, შშმ და სოციალურად დაუცველ პირები არიან დასაქმებული.

„ნოას“ აქსესუარები ყველგან ხელმისაწვდომი არ არის - ეს მისი დამფუძნებლის ერთგვარი სტრატეგიაა. თამარ კობიძე ამბობს, რომ შეკვეთებს ძირითადად სოციალური ქსელიდან იღებს. ფასები კი 120-დან 400-ლარამდე მერყეობს.

ბრენდის მეტი პოპულარიზაციისთვის "ნოა" "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. კომპანიას "წლის სტარტაპის" ნომინაციაში სურს გამარჯვება. "ნოაში" იმედი აქვთ, რომ გაიმარჯვებენ და ბრენდი უფრო მყარად დაიმკვიდრებს სახელს საქართველოში.