Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა

5a12cdf278abf
BM.GE
20.11.17 16:39
935
2017 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 13,3 პროცენტით.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფასების 0,9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,3 პროცენტი). ასევე, ფასები გაიზარდა რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (7,3 პროცენტი) და ქიმიური ნივთიერებების, ქიმიური პროდუქტების და ქიმიური ბოჭკოების ქვეჯგუფზე (1,6 პროცენტი). ფასები შემცირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,6 პროცენტი). ფასების 1,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ჯგუფზე ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი, ხოლო 3,0 პროცენტიანი ზრდა - სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე.

ამ ცვლილებებმა, შესაბამისად, 0,23 და 0,14 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის საერთო ზრდაში. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 13,3 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში შეადგინა 10,91 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (49,0 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7,7 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 9,5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,35 პროცენტული პუნქტი შეიტანა;

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 24,3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1,0 პროცენტული პუნქტით აისახა.