Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარი გამოუყო

5a44b971053ed
BM.GE
28.12.17 13:28
582
ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო) მოცულობის დახმარება გამოუყო გრანტის სახით, 2017 წელს რეფორმების მხრივ მიღწეული წინსვლის საერთო აღიარების საფუძველზე. რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია. დახმარება ასევე გამოიყო საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს, საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკისათვის. თანხების გამოყოფა ხდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხორციელდება.

დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით თითოეულ ქვემოთ მოცემულ სფეროში და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა: საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია ვაჭრობისა და კერძო სექტორის სფეროების განვითარებაში, წინასწარ შეთანხმებული გზამკვლევის თანახმად. ეს მოიცავდა არაერთი ეროვნული საკანონმდებლო აქტის დროულ დამტკიცებას, რომელთა მიზანი იყო მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნა, მათ შორის, სურსათის უვნებლობა, ვაჭრობის ტექნიკური დაბრკოლებები და ბაზრის ზედამხედველობა. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კონსულტაცია გაეწია და ტრენინგი ჩაუტარდა 220-ზე მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მოხდა DCFTA-ით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კერძო სექტორში რეგიონულ დონეზე.


დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი: ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ თვალსაჩინო შედეგს მიაღწია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებაში და დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებათა ახალი მოდელის დანერგვაში. ახლად დაფუძნებული შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მიიღონ ინფორმაცია მოთხოვნად პროფესიებზე სხვადასხვა სფეროში ქვეყნის რეგიონების მიხედვით. დაინტერესებულ მოქალაქეებს უკვე ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე, თუ რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ ამ პროფესიათა დაუფლებას. ამასთანავე, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ახალი მოდელით გაუმჯობესდა დამსაქმებელთა პოტენციურ დასაქმებულებთან დაწყვილების მექანიზმი. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებამ, პროფესიული განათლების განახლებულმა პროგრამებმა და ამავე პროგრამებში გადამზადებული მასწავლებლების ჩართულობამ ხელი შეუწყო შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან უკეთეს თანხვედრას. ევროკავშირმა შენიშნა 51.6%-იანი ზრდა პროფესიული განათლების პროგრამებზე მოქალაქეთა რეგისტრაციის რიცხვში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. ევროკავშირი ხაზს უსვამს სოციალური დიალოგის მნიშვნელობას და იძლევა რეკომენდაციას, რომ დამსაქმებლები, დასაქმებულები და პროფესიული კავშირები უფრო ხშირად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.


სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II): კარგი შედეგები იქნა მიღწეული საკვანძო სფეროებში. ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად წაახალისა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება და გააუმჯობესა მდგომარეობა სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის სტატისტიკისა და მარცვლეულის აპრობაციის სფეროებში, ხოლო ამ უკანასკნელის განხორციელება მოხერხდა მარცვლეულის შესახებ კანონის მეშვეობით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა, დაამტკიცა და განხორციელება დაიწყო სოფლის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოსი, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან. ევროკავშირი რეკომენდაციას იძლევა, რომ დაჩქარდეს საკვანძო რეფორმების განხორციელება ფერმების რეგისტრაციისა და სასოფლო სამეურნეო ექსტენციის სფეროებში, რათა გაუმჯობესდეს ფერმერებისთვის მომსახურების მიწოდება საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.


საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა: საერთო ჯამში, საქართველოს კარგი წინსვლა აქვს "დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის" მართვისა და განხორციელების მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ უკეთესი დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილებულ პირებს მათი შრომისუნარიანობის, გადამზადების, განათლებისა და ტრენინგის გასაუმჯობესებლად. 2016 წელს გაიზარდა იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დასაქმებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში, მიიღეს პროფესიული კონსულტაცია და ჩაირიცხნენ განათლების საჯარო დაწესებულებებში. თუმცა, კვლავაც არის შესაძლებლობა მეტად გაუმჯობესდეს ამგვარი დახმარების მიღების პროცედურები. ამასთანავე, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიერ მართული გრანტებით დადასტურდა, რომ ისინი წარმატებულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ დევნილ მოსახლეობაში თვითდასაქმების წახალისების კუთხით.

რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში: ევროკავშირი მიესალმება შემდეგ მიღწევებს: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო იურიდიული დახმარების უკეთესი ხელმისაწვდომობა და გამოყენება, სახალხო დამცველის აპარატის გაზრდილი შესაძლებლობები, არასრულწლოვნების ჩართვა რესოციალიზაციის პროგრამებში სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად, პატიმრებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობის შენარჩუნება, პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამები, პატიმრებში სიკვდილიანობის და დაავადებათა გადაცემის შემცირებული მაჩვენებელი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, "პროკურატურის სტრატეგიის" დანერგვა. თუმცა, რჩება ყველა არასრულწლოვანის საკანს გარეთ აქტივობებში უფრო ხშირად და მეტად ჩართვის საჭიროება. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა შესაძლო გადაცდომებს. ამასთანავე, მთავრობას არ წარმოუდგენია შესაფერისი მტკიცებულება, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა ეფექტურად და მყისიერად იქნა გამოძიებული და აგრეთვე, არც იმის მტკიცებულება, რომ პროკურორების შესრულებაზე დაფუძნებული შეფასების კრიტერიუმებმა მოსალოდნელი შედეგი გამოიღო. 2016 წელს, არ დაინერგა ზრდასრული, მამრობითი სქესის პატიმრების საქმეთა სიღრმისეული განხილვის პრაქტიკა ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზნით. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ სპორადული რეგისტრაციის მხრივ კარგი წინსვლა იყო, თუმცა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროცესმა ვერ მიაღწია წინასწარ შეთანხმებულ მიზნებს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

საჯარო მმართველობის რეფორმა: ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ განაგრძო საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება, მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტის შეზღუდვებისა. მნიშვნელოვანი მიღწევაა 11 დადგენილების დამტკიცება, რომლითაც ხორციელდება ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. დადგენილებები მოიცავს წესებს მოხელეთა დაქირავებისა და შეფასების შესახებ, აგრეთვე ქცევის კოდექსს, რომელიც მიესადაგება ყველა საჯარო მოხელეს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ადმინისტრაციებში. ევროკავშირი აგრეთვე სცნობს ხუთ ძირითად სამინისტროში პოლიტიკის დაგეგმვის გაუმჯობესებას. უკვე შესაძლებელია თანამდებობის პირთა დეკლარაციების შემოწმება, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ძალისხმევას გააძლიეროს კეთილსინდისიერება საჯარო სექტორში. თუმცა, ევროკავშირის შეფასება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ დადგენილებათა დამტკიცება შეფერხდა რეფორმის განხორციელების კრიტიკულ ფაზაში.

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში: პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის გაძლიერება. პროგრამას წარმატებით ახორციელებენ ფინანსთა სამინისტრო, პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ფინანსური მართვა გაუმჯობესებულია სამივე ინსტიტუტში. თუმცა, შეფასების დოკუმენტი ასევე მიუთითებს ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმცირეზე პარლამენტის ძირითად კომიტეტში და ამასთანავე, ამავე კომიტეტის გარკვეულ უკმაყოფილებას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიმართ. ამასთან ერთად, ევროკავშირი ხედავს საჭიროებას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს "ფინანსური მართვისა და კონტროლის პროცედურების" განხორციელება, რაც დაკავშირებულია რისკების მართვასა და ანგარიშვალდებულებასთან ყველა შესაბამის საპილოტე სამინისტროში.

საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა: საქართველომ კარგი წინსვლა აჩვენა რეგიონული განვითარების პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რასაც შედეგად მოჰყვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურისა და მიწოდებული მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესება. თუმცა, რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდან სანდო სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობას ევროკავშირი მთავარ სისუსტედ აფასებს. რეკომენდებულია დაახლოება ევროპის რეგიონულ და მუნიციპალურ სტატისტიკასთან ("ტერიტორიული დანაყოფების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის" (NUTS) კლასიფიკაცია).