Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რისთვის იყენებენ ციფრულ სერვისებს ყველაზე ხშირად საქართველოში?

5a72f6bdafa50
სალომე მეცხვარიშვილი
01.02.18 15:41
758
საქართველოში ციფრულ სერვისებს ყველაზე ხშირად იყენებენ: გადასახადების გადასახდელად, ფულადი გზავნილებისა და "ონლაინ-შოპინგისთვის", - ასეთია Mastercard-ის დაკვეთით მომზადებული კვლევის შედეგები, რომელმას საქართველოში მოსახლეობის ინოვაციებისადმი დამოკიდებულება განსაზღვრა.

კვლევის მიხედვით, 52% იმ პირებისა, რომლებიც სარგებლობენ ციფრული სერვისებით, ამ სისტემას იყენებს გადასახადების გადასახდელად. 47% ფულადი გზავნილებისთვის და 38% კი "ონლაინ შოპინგისთვის".

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ევროპელთა შორის 60%-ია.

გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უკეთეს მეთოდად მოქალაქეთა 44% თითის ანაბეჭდების ამოცნობას მიიჩნევს, მაშინ, როცა ევროპელთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი მხოლოდ 38%-მა მიანიჭა.

კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიურ გამოცდილებას უკვე დღეს ფლობს.

საქართველოს მოქალაქეთათვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში მთავარი არგუმენტები სისწრაფე და დროის ეკონომია აღმოჩნდა - ეს ხაზგასმით აღნიშნა გამოკითხულთა 69%-მა. მომდევნო ადგილებზეა გამოყენების სიმარტივე და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა.

გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს. უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული ადგილი სურსათით საცალო ვჭრობის ობიექტები აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეები ასევე ისურვებდნენ საგადახდო ბარათების უფრო მეტად გამოყენებას ტაქსებში, ონლაინ-შოპინგსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.