Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა რისკებს უქმნის ჯანდაცვის პოლიტიკა მომსახურების ხარისხს?

BM.GE
21.03.23 23:45
81
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა. კერძოდ, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვა აღარ გაიცემა საცხოვრებელ შენობებში განთავსებულ ობიექტებზე; ასევე, კლინიკამ „ქირურგიული მომსახურების“ სანებართვო დანართის მოპოვებისთვის უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ნაწილისთვის გაუგებარია ახალი დადგენილების შინაარსი და მიზანი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ იმის ფონზე როდესაც კლინიკებს ისედაც აქვთ საერთაშორისო აკრედიტაციის აღების ვალდებულება, რომლის მიზანიც სწორედ ხარისხის გაუმჯობესებაა, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო დამატებით ახალი, იმავე შინაარსის დადგენილების მიღება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ბოლო პერიოდში DRG მეთოდის შემოღებაზე. როგორც მაშინ დარგის წარმომადგენლების აცხადებდნენ, ტარიფები განსაკუთრებით ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა. ექიმების ნაწილი აცხადებს, რომ კლინიკებმა ოპერაციების ჩატარება მოგების შემცირების ხარჯზე მაინც განაგრძეს, თუმცა რესურსი ამოწურვადია და კლინიკების ნაწილში ფინანსური კრიზისი დაიწყო. სახელმწიფოს სამედიცინო ასოციაციის გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე, ამბობს, რომ კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის ტარიფებზე ჭიდილს შესაძლოა მომსახურების ხარისხი და მაღალ კვალიფიციური პერსონალი შეეწიროს.