Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დასაქმების პორტალ www.worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 140 000 -ს გადააჭარბა

5a893f7783b93
მეგი კავთუაშვილი
18.02.18 12:52
999
დასაქმების პორტალ www.worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 140 000 -ს გადააჭარბა. მათ შორის, 57 ათასი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომელთაც ვაკანსიები ყოველდღიურ რეჟიმში SMS-ით ეგზავნებათ.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილმა სამსახურის ელექტრონულად ძიება საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდეგ დაიწყო. პრემიერ-მინისტრის 1 ივნისის 270-ე დებულების მიხედვით, სოციალური შემწეობის მისაღებად სავალდებულო გახდა დეკლარაციის შევსებიდან 30 დღეში ინტერნეტში სამსახურის მაძიებლად დარეგისტრირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდება და ვერც სოციალურ დახმარებას მიიღებს. ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისათვის ბაზაში რეგისტირებულთაგან სოციალურ შემწეობის მიმღები 23 555 მოქალაქეა.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახლო მომავალში მიზნობრივი სოციალური დახმარების მეთოდოლოგიაში სიახლეები იქნება. კონკრეტულად კი, შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებს სახელმწიფო შესაბამისი უნარების მიხედვით რამდენიმე სამუშაო ადგილს შესთავაზებს. თუ სოციალურად დაუცველი უარს იტყვის დასაქმებაზე, მას შემწეობა მოეხსნება. თუმცა როდიდან ამოქმედდება ახალი წესები, სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

მიზნობრივი სოციალური დახმარება რომ დასაქმების დემოტივატორია, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტშიც ისაუბრა და მოსალოდნელი ცვლილებები დააანონსა.