Home
Category
TV Live Menu
Loading data...

HDFOREX: ბირჟების მიმოხილვა

5aefe8ef85742
BM.GE
07.05.18 10:00
771
გასულ კვირას კვლავ მნიშვნელოვანი იყო დოლარის გამყარების პროცესი. ყველაზე მეტად დოლარი გამყარდა ფუნტ სტერლინგთან, ევროსა და შვეიცარულ ფრანკთან მიმართებით.

როგორც მოგეხსენებათ, აშშ–დან გამოვიდა მნიშვნელოვანი ახალი ამბები – ეს ეხებოდა, როგორც მომავალ მონეტარულ პოლიტიკას, ისე უმუშევრობის მაჩვენებელს. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ამ სხდომაზე საბაზისო პროცენტი უცვლელად – 1,75%–ზე დატოვა. აღინიშნა, რომ მომავალი თვეების განმავლობაში იგი მოიმატებს და, წინასწარი მონაცემით, აიწევს 2%–მდე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა ამ წლის განმავლობაში ორჯერ იგეგმება, თუმცა ფედრეზერვის წევრების უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ საპროცენტო განაკვეთმა მოიმატოს 3–ჯერ და გადააბიჯოს 2%–იან ზღვარს. თუ როდის მოუმატებს სისტემა პროცენტს, ამ ეტაპისთვის უცნობია.

რაც ეხება ქვეყნის განვითარებას და ინფლაციის მაჩვენებელს, სისტემის ხელმძღვანელის, ბატონი პაუელის განცხადებით, იგი ნორმალური ტემპით იზრდება და მიუხედავად დაძაბული გარე ფაქტორებისა, არ არსებობს რეალური საფრთხე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა პოზიტიურად არის განწყობილი მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და დადებითად აფასებს მომავალს.

მნიშვნელოვანი იყო პარასკევს გამოსული უმუშევრობის მაჩვენებელი. მიუხედავათ იმისა, რომ არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ნავარაუდევზე დაბალი გამოვიდა და შეადგინა 164 ათასი ადამიანი, ბაზარმა მას იგნორირება გაუკეთა. მან საერთო ჯამში დააფიქსირა 3,9%, რაც გამოწვეულია სეზონური სამუშაოების გახსნით. მომავალში კვლავ ველით უმუშევრობის კლებას და არ არის გამორიცხული, საბოლოოდ, შეადგინოს 3,5%.

საწარმოო და არასაწარმოო სექტორების თუ მომსახურეობის მაჩვენებლებს, ყველა მონაცემი კვლავ რჩება 50 ნიშნულის ზევით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჩვენებლები დადებითია და თუ ასე გაგრძელდება, მოსალოდნელია ინვესტორები უფრო პოზიტიურად განეწყვონ ამერიკის ეკონომიკის მიმართ, რაც, შესაბამისად, აისახება დოლარის გამყარებაზე.
რაც ეხება დოლარის ინდექსს, იგი ბოლო ნახევარი თვის განმავლობაში იზრდება და დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 92,43 ნიშნულს.

ევროზონაში გამოვიდა დაბალი მაჩვენებლები. წლის მასშტაბში მთლიანმა შიდა პროდუქტმა დაიკლო 0,2%–ით და შეადგინა 2,5%. ასევე, 0,2%–ით დაიკლო კვარტლის მიხედვითაც და დაფიქსირდა 0,4%. კლებაა სამომხმარებლო ფასების ინდექსზეც, რომელმაც ბოლო მონაცემით შეადგინა 1,2%.

ინფლაცია ევროზონაში კვლავ თავის ტკივილის საბაბს აძლევს ბანკს. ბანკის მხრიდან დადებითი განწყობის მიუხედავად, ინფლაციის მონაცემი 2017 წლის მარტის თვის შემდეგ ეტაპობრივათ იკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ გადახედავს ინფლაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, არ არის გამორიცხული, მომავალი მაჩვენებლებიც უარყოფითი გამოვიდეს.

ამ ფაქტორების ფონზე ევრომ განავითარა დაღმავალი სვლა და მიაღწია 2018 წლის მინიმუმს. შესაძლებელია, ბაზრის მხრიდან დაძლეული იყოს ეს მინიმუმი და კვლავ დაღმავალი მოძრაობა განახორციელოს.

მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს ველით დიდი ბრიტანეთიდან, სადაც გამოვა მონაცემი საპროცენტო განაკვეთის თაობაზე მონაცემი და, ასევე, ინფლაციასთან დაკავშირებული პროტოკოლი. ამ ეტაპისთვის არ იგეგმება ბანკის ხელმძღვანელის, ბატონი კარნის გამოსვლა. წინასწარი ინფორმაციით, ბანკი საბაზისო პროცენტს უცვლელად – 0,5%–ზე დატოვებს.