Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიდი ჰესების უპირატესობები საქართველოში

59f42570aa46e
BM.GE
28.10.17 13:00
1171
საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირების პოტენციალზე გადაცემაში "საქმიანი დილა" ეკონომისტმა არჩილ მამათელაშვილმა ისაუბრა.

-ბატონო არჩილ, ცნობილია, რომ ქვეყანაში რაც მეტი ჰიდროელექტროსადგური გვექნება უკეთესია, რადგან ექსპორტთან და მეტ ელექტროენერგიასთან ერთად, საქართველოს მოთხოვნილება გაიზრდება, თუმცა, გვერდითი ეფექტებიც არსებობს და რას გვეტყვით ზოგადად ამ გვერდით ეფექტებზე?

-ჩემი აზრით, გარემოს დაცვითი და სოციალურის გარდა, სხვა გვერდითი ეფექტები დადებითია. საქათველოს ენერგეტიკული ეფექტი, თავისი ჰიდროენერგეტიკული რესურსებიდან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მოხმარების ზრდაა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ნეტო ექსპორტიორი იყო, ამჟამად ნეტო იმპორტიორია, რაც განაპირობებს იმას, რომ მოხმარება უფრო სწრაფად იზრდება. მნიშვნელოვანი საკითხია შედარებით იაფი ელექტროენერგია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩინეთში, ჩრდილოეთ ევროპასა და ამერიკაში მნიშვნელოვნად იზრდება მზისა და ქარისგან მიღებული ენერგიის გამოყენება. ასეთი ენერგიის გავლენა გარემოზე და სოციალურ ფონზე უფრო ნაკლებია, მაგრამ იგი შედარებით ძვირია. მართალია, რაც მზის ელემენტების განვითარება დაიწყო, მზის ენერგია ნელ-ნელა უფრო იაფდება, მაგრამ მზის ენერგიის გამოყენება მაინც ძვირი სიამოვნებაა. მათი განვითარება კარგი იქნება, მაგრამ შედარებით ძვირია. ძალიან ხშირად ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებისას პოლიტიკოსები უფრო სოციალურ ფონს ითვალისწინებენ, რადგან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ფასი სწრაფად არ გაიზარდოს. ენერგეტიკისთვის მაკროეკონომიკური ეფექტიც მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და არა მარტო მოხმარების ნაწილში, რომელიც სავაჭრო ბალანსს გვიუარესებს, არამედ საინვესტიციო კუთხითაც. ენერგეტიკაში საინვესტიციო ფართომასშტაბიანი სწორედ ჰიდროენერგეტიკა გვაქვს. საკუთარი ელექტროენერგეტიკის განვითარება საგადამხდელო ბალანსს, რომელიც სავალუტო კურსის პრობლემებში მონაწილეობს, დადებითს გახდის და ჩვენს სავალუტო კურსზე ნაკლები უარყოფითი გავლენა ექნება. ეს ყველაფერი კი ინვესტიციებთან ერთად, დადებით გავლენას მოახდენს, როგორც ლარის კურსზე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჰესების მშენებლობის დამატებითი გვერდითი ეფექტების არგუმენტები არის ენერგეტიკული უსაფრთხოება. მცირე ჰესები თუ სწორად აგებულია არ არის მავნებელი, დიდ ჰესებს კი, რა თქმა უნდა, აქვთ უარყოფითი გავლენა. ჰესებს ერთი უპირატესობა აქვთ, რომ მათი საოპერაციო ხარჯები კაპიტალურ ხარჯებთან შედარებით საკმაოდ მცირეა. თუ თავისუფალი ბაზარი იქნება, ისინი უფრო თამამად შეძლებენ გაუძლონ კონკურენციას და გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების ზრდის ალბათობა შედარებით უფრო დაბალი იქნება, თუ მაგალითად ისეთ სადგურებს გამოვიყენებთ, როგორიც არის თბოსადგურები, ან თუნდაც იმპორტი. ჰესების მშენებლობის დროს დასაქმება მაღალია, თუმცა ტექნოლოგიები განვითარდა და უკვე მოქმედ ჰესებზე ბევრი ხალხი აღარ არის დასაქმებული. დიდი ჰესების უპირატესობა ის არის, რომ სეზონური რეგულაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, როგორიც არის "ენგური". ეს ჰესი რომ არ აშენებულიყო, ელექტროენერგია ჩვენთან ბევრად ძვირი ეღირებოდა და ფასის დაწევას ვერანაირ საშუალებით ვერ შევძლებდით.

-აღნიშნულ დარგში მიმდინარე პროექტებიდან რომელს გამოყოფდით?

-ამჟამად რაც მიმდინარეობს ორი თუ სამი მსხვილი პროექტია, დანარჩენი შედარებით მცირე პროექტებია. ვფიქრობ, რომ პატარა პროექტებზე დიდი პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს, რადგან მათი უმეტესობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გარემოზე და არც მოსახლეობას აყენებს გადასახლებასთან, ან სხვა საკითხთან დაკავშირებულ ზიანს. ამჟამად მიმდინარე დიდი პროექტებიდან გამოვყოფ - ’’ნენსკრას“, კიდევ ორი ჰესის პროექტის განხორციელება იგეგმება, ასევე ’’მტკვარი-ჰესის“ პროექტი სრულდება, რომელიც 50 მეგავატია და უფრო საშუალო ზომისაა. დანარჩენი პროექტები კი მცირე ზომის არის. მინდა ხაზი გავუსვა ასეთი დამოკიდებულება, რომ საქართველო დაახლოებით 18% აქვს ელექტრო რესურსების ათვისებული და დანარჩენი ასათვისებელია, სწორი არ არის, რადგან საქართველოს ეკონომიკურად და ტექნიკურად უკვე ათვისებული აქვს რაციონალურად შესაძლებელი დაახლოებით 55%-დან 60%-მდე. დიდი პროექტები, რაც განსახორციელებელია არის ’’ხუდონი“, ’’ნამახვანი“, ’’ხონის კასკადი“, ამათ გარდა მსხვილი პროექტი აღარ არის დარჩენილი. რა თქმა უდა, ამ პროექტებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ, როგორც გარემოზე, ასევე სოციალურ მხარეზე და მათ განხორციელებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. კარგად უნდა შეფასდეს რა არის უფრო მნიშვნელოვანი სტაბილური ენერგეტიკა შედარებით უფრო დაბალი ფასებით, რომელიც პერსპექტივაშია, თუ ის ზიანი, რომელსაც გარემო თუ მოსახლეობა მიიღებს.