Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დავით ნარმანია ოპოზიციას მისი CV-ის ნახვას ურჩევს

5a3a79cfcb802
დავით ჯალაღონია
20.12.17 19:00
829
სემეკის წევრობის კანდიდატი დავით ნარმანია საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს მისი მარეგულირებელი კომისიის წევრად წარდგენის საკითხზე.

"როგორც ჩანს ძალიან ცუდი და მწირი ინფორმაცია აქვთ მათ ჩემი გამოცდილების შესახებ და ვურჩევდი, ნახონ ჩემი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, კვლევები, CV და ამის შემდეგ გააკეთონ განცხადებები“, - ასე უპასუხა ნარმანიამ ოპოზიციის წევრების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის ყოფილი მერი დაასაქმა.

რაც შეეხება საკუთარ ბიოგრაფიას, ნარმანია აცხადებს, რომ მას წყალმომარაგების სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.

"ჩემი მუშაობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ეკონომიკური საკითხები. ჩემი გამოცდილება, კვლევები განსაკუთრებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ასევე წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც სამინისტროში, ასევე მერიის სისტემაში, ის ბაზისია, როემლზეც იქნება ჩემი სამომავლო საქმიანობა დაფუძნებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემა გახდეს კიდევ უფრო თანამედროვე, ევროპული, მეტი კონკურენცია იყოს და მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული სექტორში და სემეკის მთავარი როლი იქნება სწორედ ის, რომ ხელი შეუწყოს მეტ კონკურენციას, ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური რეგულატორები დაადგინოს ისე, რომ ერთის მხრივ, კმაყოფილი გვყავდეს მომხმარებელი და მეორეს მხრივ, ხარისხიანი და უწყვეტი სერვისი მიეწოდებოდეს მომხმარებლებს“, - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკის წევრებად დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. მათ სემეკის წევრობის თანამდებობაზე პარლამენტი პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უყრის კენჭს.

კითხვას, განიხილავს თუ არა იგი საკუთარ თავს სემეკის თავმჯდომარეობის კანდიდატად, როცა ამის დრო მოვა, ნარმანია პასუხს არ სცემს.

„ჯერ ამაზე ნუ ვისაუბრებთ“, - ამბობს თბილისის ყოფილი მერი.