Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ ხდება ბავშვი აგერესიული? - ეკა ნინოშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
09.02.21 11:55
353

„ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება რომ ენერგია სწორი ფორმით გამოიტანოს“ - დ. უზნაძის სახელობის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი „ქალების ნარატივში“

 

-როდის გადაწყვიტეთ ფსიქოლოგობა?

-თავიდან, 1 წელი ვსწავლობდი სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ადამიანს აქვს სიღრმისეული, ბევრი ფარული რესურსი, რომლებიც ფიზიოლოგიურად, ანატომიურად არ ჩანს. აღმოვაჩინე, რომ არსებობს ასეთი მეცნიერება, ფსიქოლოგია, რომელიც ადამიანის ცნობიერებას, ფსიქიკას სწავლობს. უკვე 21 წელია ამ სფეროში ვარ. 

ჯერ ფსიქოანალიზის მიმართულებით მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემზე გამოცდილმა ფსიქოლოგებმა მირჩიეს, რომ ჩემი რესურსების გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით განვითარება და მეც დავუჯერე.

 

-საინტერესოა, განვითარებასთან ერთად, როგორ დიფერენცირდება ემოციები? როდის იბადება აგრესია, აქვს თუ არა ამას ასაკი?

-აგრესია არის ერთ-ერთი ბაზისური ემოცია. ეს არის თანდაყოლილი ბრაზის განცდა. ზოგადად, ბავშვს ემოცია გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება. ასაკთან ერთად კი ისინი დიფერენცირდება და მრავალფეროვანი ხდება. 

ჩვილობის ასაკში ბავშვის გაბრაზება მოთხოვნილების დაკმაყოფილებას სურვილთანაა დაკავშირებული. ბრაზით ის გამოხატავს, რომ რაღაც დისკომფორტი აქვს და დახმარებას ითხოვს. 

ზოგადად, აგრესიასა და ბრაზის ემოციას სულ ნეგატიურ კონტექსტში განიხილავენ ხოლმე, რაც არასწორია. ნებისმიერი ემოცია საჭირო და ბუნებრივია. 

 

-აგრესიის თვალსაზრისით, აღზრდას რა როლი აქვს?

-უდიდესი. შესაძლოა, რომ ბავშვის მიერ გამოვლენილი აგრესიული ქცევები დაკავშირებული იყოს არა ასაკთან და თვითდამკვიდრების ტენდენციასთან, არამედ იძენდეს დესტრუქციულ ფორმას. ამ შემთხვევაში, მიკროსოციუმი, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, შემდეგ უკვე მაკროსოციუმი, როცა სოციალიზაციის პროცესი იწყება, მიდის საბავშვო ბაღში, სკოლაში - ეს ყველა ინსიტიტუცია თავის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, თუნდაც ბავშვის აგრესიის თვალსაზრისით.

 

-რა ძირითადი სახის აგრესიული ქცევები არსებობს?

-აგრესიულ ქცევას სხვადასხვა სახეები აქვს. შეიძლება განვიხილოთ პირდაპირი, ფიზიკური აგრესია. ასევე საგულისხმოა ირიბი აგრესია, რომლის დროსაც, შეიძლება, მაგალითად, ბავშვი მასწავლებელზე გაბრაზდეს, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგოს და ამიტომ, დაარტყას თანატოლს. 

ასევე ერთ-ერთი სახეა ვერბალური აგრესია, სიტყვიერი გამოხატვა. რაც შეეხება ავტოაგრესიას, ის საკუთარ თავზე მიმართულ აგრესიას გულისხმობს. მაგალითად, მდგომარეობა, როცა ბავშვმა თავი იგრძნო დამნაშავედ და საკუთარი თავს ისჯის.  პატარა ასაკში ხშირად გვხვდება ხოლმე ავტოაგრესია. 

 

-აგრესიის ჩასახშობად რამდენად მართებულია დასჯის მეთოდები?

-ჩახშობა უკვე არასწორი დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ ბრაზი არის ემოცია. ემოციას აქვს თავისი ენერგია. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება რომ ენერგია გამოიტანოს სწორი ფორმით. ეს ენერგია არ ქრება, სადღაც უნდა წავიდეს. მერე უკვე იწყებს სხვა მიმართულებით, სხვა სიტუაციაში გამოვლენას, შეიძლება, უფრო მეტი სიძლიერითაც. 

როდესაც მშობელი იჩენს დამოკიდებულებას, რომ მან მეტი იცის და ბავშვი ვერ ეწინააღმდეგება, ეს ენერგია დროთა განმავლობაში გროვდება. ზრდასრულობისას ცინიკოსობა, სხვის დამცირებაზე ორიენტირებულობა, შეიძლება უკავშირდებოდეს ბავშვობაში დათრგუნული და გამოუხატავი ბრაზის ემოციებს. 

ბავშვებთან ბრაზი შეიძლება გამოვხატოთ ნახატების საშუალებით, ასევე დაყვირებით, ასევე, მაგალითად ბალიშზე ფიზიკური ფორმით გამოხატვით. მშობლებთან კონსულტაციის დროს ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ეს არის ხოლმე. როგორც სახლის გასუფთავებისას, რაღაც არასასურველს, ნაგავს ვყრით ნაგვის ყუთში, ასევე ემოცია, რომელიც ბავშვს აწუხებს, უნდა დაიხარჯოს. ამისთვის გვაქვს, მაგალითად, ყვირილის ყუთი, სადაც ჩაყვირებით გამოდის ენერგია.  

 

-ადამიანებს ხანდახან ახასიათებს უმიზეზოდ აგრესიული განწყობა, ცუდ ხასიათზე ყოფნა. რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს? 

-უმიზეზოდ არ ჩნდება, უბრალოდ შეიძლება ვერ შეამჩნიო ეს მიზეზი. მაგალითად, სამსახურში მძიმე დღის მერე სახლში გაღიზიანებული მოსვლისას, უშუალოდ იმ სიტუაციაში, შეიძლება არ იყოს აგრესიის მაპროვოცირებელი გამოწვევი ფაქტორი, მაგრამ გამოუხატავი ენერგია არსებობს.

ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს გადაღლა, გამოუძინებლობა, რაიმე ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა.

ბრაზის უკან რაღაც ყოველთვის იმალება. 

ასევე რეკომენდაციაა, რომ პატარა წყენის დროსაც კი, ადამიანს ეს ავუხსნათ. გადავადების შემთხვევაში, ის ენერგეტიკულად იზრდება, ამიტომ ჯობია დროულად გამოვხატოთ.

 

-აგრესიის პიკისას თავი როგორ ვმართოთ?

-ყველას თავისი მექანიზმი აქვს. ვიღაცას თავთან მარტო დარჩენა ეხმარება. ასევე ამისთვის არსებობს სპეციალური სუნთქვითი, სარელაქსაციო ტექნიკები. საინტერესო მეთოდია ბრაზის ჯღაბვნით გამოტანა, თუნდაც ფანქრით ფურცლის დაჩხაპვნა, დახევა და გადაყრა. არსებობს რეკომენდაცია ბავშვების შემთხვევაში, რაც, უფროსების შემთხვევაშიც მშვენივრად მუშაობს. ვგულისხმობ, წყენის ფურცელზე გადატანას - ხატვას, წერას და შემდეგ დახევას.

სანამ ადამიანის ემოცია პიკშია, შეგონებას აზრი არ აქვს. ამ დროს ადამიანმა შეიძლება ისეთი რაღაც მოიმოქმედოს, რასაც შემდეგ ინანებს. საჭიროა დრო დამშვიდებისთვის.

 

-2021 წელს რას აპირებთ?

-ჩემო სადოქტორო თემის ბოლომდე მიყვანას. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება ისევ ბავშვებთან მიმართებაში, მათ წაადგებათ.


სტუმარი: ეკა ნინოშვილი - დ. უზნაძის სახელობის სასწავლო - საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი