Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერია სვეტის ობიექტებზე სამშენებლო პროცესის შეჩერების მიზეზებს განმარტავს

5a8c38aabdeb6
ელენე გოგბერაშვილი
20.02.18 19:00
856
კომპანია სვეტს თბილისში რამდენიმე მშენებარე ობიექტი აქვს, მათგან სამ ობიექტზე სამშენებო სამუშაოები დაახლოებით იანვრის დასაწყისიდან შეჩერებულია. მიზეზი მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტებზე აღმოჩენილი დარღვევები გახდა. საუბარია ნუცუბიძისა და მირცხულავას ქუჩებზე, ასევე ნაძალადევის რაიონში მშენებარე ობიექტებზე. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი bm.ge-თან განმარტავს, საზედამხედველო პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და საუბარი არ არის მხოლოდ კომპანია სვეტის ობიექტებში გამოვლენილ დარღვევებზე.

"არის ობიექტები სადაც ჰქონდათ ნებართვები და ვადა გაუვიდა. არის მისამართები, სადაც უსაფრთხოების კუთხით დავაჯარიმეთ და მივეცით მითითებები. არის მისამართები, სადაც არ ჰქონდათ ნებართვები. ჩვენი მხრიდან სამ მისამართზეა გაჩერებული სამუშაოები. მირცხულავას ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, რომელსაც ნებართვის ვადა გაუვიდა და მეორე ჰქონდათ დაწყებული და ჩევნ გავაჩერეთ. აქვთ მშენებლობა ასევე ნაძალადევში, რომელიც ასევე შეჩერებულია", -აცხადებს გიორგი ბაგრატიონი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

როგორც გიორგი ბაგრატიონი განმარტავს, ერთი თვის წინ მას ჰქონდა შეხვედრა კომპანია სვეტის წარმომადგენლებთან. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას დაახლოებით 2 კვირის ვადაში უნდა წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა ამ დრომდე კომპანიას მერიისთვის არ მიუმართავს.

კომპანია სვეტი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მერიასთან კომუნიკაციის შედეგად სამშენებლო პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან განახლდება. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიას მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია ამ დრომდე არ წარუდგენია.