Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობის პასუხი IMF-ს: ხელფასები ინფლაციის მიხედვით უნდა იზრდებოდეს

5a2a3e7bebcf7
BM.GE
08.12.17 11:24
707
IMF-ის რეკომენდაციას საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდის შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობა დამატებით რეკომენდაციად არ განიხილავს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და ცვლილებებს მხარს უჭერს.

"ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე ხარჯების რეალურ გამოსახულებაში იგივეს დატოვებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამური ხელფასები დაახლოებით ინფლაციის მიხედვთ უნდა იზრდებოდეს. IMF-ის აღნიშნული შეფასება სწორედ იმ კურსის მხარდაჭერაა, რომელიც ჩვენ 2017 წელს განვახორციელეთ და გაისადაც განვახორციელებთ", - აცხადებს გაგუა.

მისივე თქმით, მთავრობამ გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს სახელფასო ხარჯი დაახლოებით 100 მილიონის ფარგლებში შეამცირა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება და აღნიშნული კომენტარი საქართველოს მთავრობის იმ პოლიტიკის მხარდაჭერაა, რომლის მიხედვითაც ანაზღაურებები უნდა შემცირდეს და მეტი ხარჯები მიემართოს ეკონომიკის განვითარებაში, კონკრეტულად ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პრობლემებში" - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

შეგახსენეთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების ზრდა უნდა შეზღუდოს; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება.