Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინური ენა საქართველოს ორ სკოლაში ისწავლება

5a755c8355fa7
მეგი კავთუაშვილი
03.02.18 11:30
985
საქართველოს ორ სკოლაში ჩინური ენის სწავლება დაიწყო. მათ შორის ერთი თბილისის 53-ე საჯარო სკოლაა, სადაც მსურველ მოსწავლეებს ჩინურს დამატებითი კლუბური მეცადინეობის ფორმატში ასწავლიან. კერძო „ათასწლეულის გამოწვევის სკოლას“ კი ჩინური ენა საგაკვეთილო საათებში აქვს ჩასმული. მოსწავლეები მეოთხე კლასიდან ზევით ჩინურს კვირაში 3 საათის განმავლობაში სწავლობენ.

როგორც „ათასწლეულის გამოწვევის სკოლაში“ ამბობენ, სკოლამ პრიორიტეტებზე მუშაობის დროს აქცენტი კულტურულ მრავალფეროვნებაზე გააკეთა და ევროპული ენების პარალელურად მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლებაც შესთავაზა.

„გავაკეთეთ კითხვარი. შევხვდით პოტენციურ მშობლებს. მათი არჩევანიდან გამოიკვეთა რომ მეორე უცხო ენის ფარგლებში საკმაოდ ბევრი იყო დაინტერესებული ჩინური ენის სწავლებით. ამიტომ დავწყეთ კონსულტაციები კონფუცის ინსტიტუტთან, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია მასწავლებელს, ასევე საგანმანათლებლო რესურსებს. დღეისთვის მოთხოვნა ძალიან მაღალია, იმ მოსწავლეების 20%, ვინც სწავლობს მეორე უცხოურ ენას, ირჩევს ჩინურს.“ - აცხადებს BM.GE-სთან საუბარში ათასწლეულის სკოლის აკადემიური პროგრამების კოორდინატორი, ეკატერინე სლოვინსკი.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ სკოლებისთვის სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია, ხოლო მეორე უცხო ენის არჩევანში სკოლებს თავისუფლება აქვთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების უმრავლესობა დამატებით ენად გერმანულ, რუსულ, ფრანგულ ან იტალიურ ენებს ირჩევს. სწავლების დამტკიცებული სტანდარტებიც მხოლოდ ყველაზე მოთხოვნად ენებში არსებობს.

სამინისტროს ინფორმაციით, თუკი მოსწავლეების და მშობლების სურვილი იქნება, კანონმდებლობა საჯარო სკოლებში ჩინური ენის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. ამ შემთხვევაში სწავლებისთვის საჭირო სახელმძღვანელო და კვალიფიციური პედაგოგი სკოლამ უნდა უზრუნველყოს.