13.May .2021 12:49

როგორ იქმნება ციფრულ ბანკში პროდუქტები? - ნათია სვანიძე ქალების ნარატივში

Back

 როგორ იქმნება "Space"-ში პროდუქტები? - ნათია სვანიძე „ქალების ნარატივში“

 

-რა დრო სჭირადება "Space"-ში ახალი პროდუქტის შექმნას?

-გააჩნია პროდუქტს; მნიშვნელოვანია ის მარტივ მამრავლებად დაყო და ისე ბიჯებად წახვიდე წინ; უნდა შექმნა მინიმალური ფუნქციონალის მქონე პროდუქტი და რაც შეიძლება მალე გაიტანო ბაზარზე, რომ მომხმარებლებს აჩვენო და მიიღო რეალური უკუკავშირი, რისი მეშვეობითაც უნდა განავითარო. როცა მომხმარებლის აზრი იცი, პროდუქტს უფრო კომპლექსურს ხდი. თავიდან დგება პროდუქტის იდეა და ყალიბდება შინაარსი, შემდეგ ყალიბდება პატარა პროტოტიპი, რომელსაც ვანახებთ მომხმარებლებს და თუ რამე შესაცვლელია, ვცვლით, შემდეგ დგება ტექნიკური ამოცანა, დიზაინი და გადაეცემათ დეველოპერებს საბოლოო პროდუქტის შექმნის აქტივობებისთვის; ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ამას ტესტავს და თუ ყველაფერი რიგზეა, პროდუქტი გადის მომხმარებლამდე.

  

-ხშირად იქმნება ახალი პროდუქტი?

-ახალი პროდუქტი იქმნება სულ, იგულისხმება დამატება ან არსებულის განვითარება.  

 

-რა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლები გყავთ?

-ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები არიან; ძირითადად, 18-40 წლამდე, ისე 65 წლისაც შეიძლება იყოს ჩვენი მომხმარებელი. 25 წლამდე კატეგორიის უფრო აქტიურები არიან. მომხმარებლებზე ორიენტირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აპლიკაციაში გვაქვს ჩაშენებული სპეციალური ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლების კმაყოფილებას იკვლევს;ასევე ვაკეთებთ ხოლმე ფოკუს ჯგუფებს, პანდემიის პირობებში უფრო ზუმით, ასევე  სატელეფონო გამოკითხვებს. ასევე გვაქვს CRM სისტემა, სადაც ასე ვთქვათ, მომხმარებლებს აღვრიცხავთ; ისეთ ინფორმაციასაც კი ვინახავთ, მომხმარებელს თუ გამოუხატავს, რომ „თქვენობით“ მიმართვას ანიჭებს უპირატესობას.

 

-რამდენი ადამიანი იყენებს თქვენს აპლიკაციას?

-მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ზოგადად, პანდემიისას ონლაინ სერვისები უფრო აქტუალური გახდა. ამ ეტაპზე, დაახლოებით 300 000 მომხმარებელია, ვისაც გადმოწერილი აქვს ჩვენი აპლიკაცია.ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბანკი დაგვეახლოვებინა თანამედროვე ადამიანთან და შეგვექმნა ისეთი პროდუქტები, რომლის მხოლოდ აპლიკაციით მიწოდება შესაძლებელი იქნებოდა.  

 

 

სიმარტივე ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობაა. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურობაშია საჭირო. მაგალითად, არ გვაქვს იპოთეკური სესხი. შესაბამისად, აპლიკაციაში შემოსვლისას მომხმარებელი არ გადაიტვირთება არასაჭირო ინფორმაციით. ამაზე მიზეზით არ გვქონდა მულტივალუტა, გვქონდა მხოლოდ ლარი, თუმცა ახლა ამ მხრივ ვაპირებთ სიახლეებს. ზოგადად, როცა “Space”-ს ვქმნიდით, ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს ბაზარი ყოფილიყო სატესტო ბაზარი ფარგლებს გარეთ გასასვლელად. „თიბისი ბანკი“ სულ ცოტა ხნის წინ ყაზახეთის ბაზარზე გავიდა, მთლიანი “engine” ტექნოლოგიური და პროდუქტები შინაარსობრივი, ყველაფერი “Space”-ს გუნდმა გაიტანა. უზბეკეთის ბაზარი საკმაოდ სწრაფად მზარდია. ვმუშაობდით გერმანიის ბაზართან დაკავშირებითაც, მაგრამ პანდემიამ შეაჩერა ეს, ვმუშაობთ როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, ასევე აზიის.

 

-როგორია თქვენთან ორგანიზაციული კულტურა?

-ამ მხრივ გამოვყოფდი იუვალ ნოახ ჰარარის წიგნ „საპიენსს“, აქ წარმოდგენილია დაშვება რომ ჰომო საპიენსმა პირველად შეძლო ის, რომ წარმოსახვით სამყაროში რაღაც დაენახა, დაეჯერებინა და ის რეალურ სამყაროში დაენერგა, გაეერთიანებინა მრავალრიცხვოვანი გუნდი იმისთვის, რომ წარმატებით ემუშავათ ერთად. როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს სცდება, საჭიროა მათ ხელშესახების მიღმა დაინახონ რაღაც, დაიჯერონ იდეის და მის გარშემო გაერთიანდნენ. რომ მოვუსმინოთ წარმატებულ CEO-ებს, დამფუძნებლებს, ისინი აღნიშნავენ რომ მათი წარმატების საიდუმლო მოიცავს იმას, რომ მათ რაღაცის სჯერათ, გაერთიანდნენ გარკვეული იდეის გარშემო. “Space”-ში გამბედავ და თავმდაბალ ადამიანებს ვეძებთ, ვმუშაობთ ინოვაციებზე და ადამიანებისთვის, ამიტომ საჭიროა გამბედაობა და ემპათია. ამ მხრივ ვარჩევთ თანამშრომლების და ეს უკვე გუნდის წევრებისთვისაც ერთგვარი ორიენტირია.   

 

-რა არის თქვენი პირველადი პროფესიული არჩევანი?

-დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ESM. მიმუშავია პროგრამა „სტარტაპერზე“.

 

 

-რა გამოცდილებაა თქვენთვის „30 under 30”?

-ძალიან სასიხარულოა და ასევე, ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

 

 




სტუმარი: ნათია სვანიძე - ციფრული ბანკი "სფეისის" - ციფრული პროდუქტების განვითარების უფროსი მენეჯერი