Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საკაბელო ტელევიზიების კავშირი კანონში ცვლილებას ითხოვს

59eeedc1d719c
BM.GE
24.10.17 11:36
707
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. ინიციატივაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თეონა ბერუაშვილი საუბრობს.

- ქალბატონო თეონა, უპირველესად რა ცვლილებებს ითხოვთ და როგორია დღეს არსებული რედაქცია იმ მუხლებისა, რომლის ჩანაცვლებასაც თქვენი კავშირი ითხოვს?

- ჩვენ ძველი რედაქციის აღდგენას ვითხოვთ. თავდაპირველად კანონში ე. წ. Must Carry-სა და Must offer-ის ცვლილება შემოვიდა. ეს იყო საარჩევნო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მაუწყებელს უფლება ჰქონდა, დაევალდებულებინა საკაბელო ოპერატორი მისი ტელეარხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განეთავსებინა და მეორე მხრივ, ოპერატორსაც არ სჭირდებოდა ნებართვა მაუწყებლისგან. მას უფასოდ შეეძლო განეთავსებინა და ხელმისაწვდომი გაეხადა ნებისმიერი საერთო საეთერო მაუწყებელი მისი მომხმარებლისთვის. დღევანდელი რედაქციით ეს ნორმა კოდექსიდან ამოღებულია. მაუწყებლის შესახებ კანონს რაც შეეხება, აქ მხოლოდ ე.წ. სავალდებულო ტრანზიტი დარჩა, რაც იმას გულისხმობს, რომ მაუწყებელს დღესაც აქვს უფლება ნებისმიერი ოპერატორი დაავალდებულოს არხის ქსელში ჩართვაზე, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ოპერატორს სურვილი აქვს რომელიმე ტელეარხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს, მას აუცილებლად სჭირდება ნებართვა მაუწყებლისგან. შესაძლოა აღნიშნული ნებართვა ფასიანი აღმოჩნდეს, ან დღევანდელი რედაქციით, მაუწყებელს ამ რედაქციის გაცემის არანაირი ვალდებულება არ აქვს. შესაბამისა, აღმოჩნდა, რომ ის ცვლილებები, რომელიც კანონში შემოვიდა, დღეს სამწუხაროდ, სიტუაციას სწორად ვეღარ არეგულირებს, დისკრიმინაციას ქმნის ბაზარზე, რადგან მხოლოდ მაუწყებელს აქვს უფლება ოპერატორის დავალდებულების და ოპერატორს არანაირი მექანიზმი არ გააჩნია ჩართვისა.

- მე-8 და მე-12 პუნქტებში ის შემთხვევებია გაწერილი თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს ურთიერთობა..

- თუმცა ეს არ არის Must offer-ის კლასიკური გაგება. Must Carry და Must offer საჯარო და უფასო ხელმისაწვდომობას ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და არ შეიძლება, რომ Must Carry და Must offer ფასიანი იყოს. მე-8 პუნქტი საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში არ არის. ჩვენ არაერთი ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ ამოვარდნილია ევროპული კანონმდებლობის სტანდარტებიდან. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვითხოვთ, ეს აპრობირებული მეთოდია, იმისათვის, რომ ბაზარზე მედია პლუარიზმი არსებობდეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

- თქვენი განმარტებით, თუ დღეს არსებული რედაქცია უცვლელი დარჩება, სიტუაცია დაურეგულირებელი იქნება და შესაძლოა პრობლემები სამომავლოდაც შეიქმნას, აღნიშნული ინიციატივა რა ეტაპზეა?

- დაურეგულირებელი დარჩება, რადგან ჩვენ ახლა პრაქტიკულად ერთი კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის გადაწყვეტილებაზე ვართ დამოკიდებული - რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული მაუწყებელი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება საკაბელო ოპერატორებისა და მათი ურთიერთობა.

- წინასწარი კომუნიკაცია ხომ არ გქონიათ პარლამენტთან?

- განწყობების დონეზე საუბარი ძნელია, თუცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინციატივა კანონპროექტად და საბოლოოდ კანონდა იქცევა, რადგან აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები თავის დროზე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები არიან, არასამთავრობო სექტორს ვგულისხმობ. ვიმედოვნებთ, რომ მათ პოზიციები არ შეუცვლიათ და ისევ სურთ, რომ მედია ბაზარი რეგულირებული იყოს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მოაგვარებს დღეს ბაზარზე არსებულ პრობლემებს, რადგან ეს გამორიცხავს კონკრეტული მაუწყებლების მხრიდან მათი პოზიციების ბოროტად გამოყენებას და ასევე დისკრიმინაციულ მიდგომებს, რადგან ორივე მხარეს თანაბარი უფლებები და ვალდებულებები ექნება. შესაბამისად, ამ პირობებში მომხმარებელთა ინტერესებიც უფრო დაცული იქნება, რადგან მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ განსხვავებულ საინფორმაციო საშუალებებზე.