10.Feb .2021 11:48

როგორ ვლინდება ძუძუს კიბო და რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი? - ეთერ კიღურაძე ქალების ნარატივში

Back

„სკრინინგი მნიშვნელოვანი ფარულად მიმდინარე დაავადების აღმოსაჩენად...პროგრამა უფასოა“ - ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე „ქალების ნარატივში“ 

 

-4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. რა აქტივობები განახორციელა ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა?

-მიუხედავად პანდემიისა, კიბოს საკითხს მაინც უნდა დავუთმოთ სათანადო ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონე იყოს მაღალი, იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც თავიდან აგვაცილებს ამ დაავადების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გავაკეთოთ ადრეულ ეტაპზე გამოვლენაზე. ზუსტად ამას ეძღვნებოდა ჩვენი აქტივობები, რომლებიც ამ დღეს განხორციელდა. ეს მოიცავდა რადიოში სტუმრობას, ასევე გვქონდა რამდენიმე ონლაინშეხვედრა პროფესიონალებთან, ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელებთან ერთად. განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გეგმები, ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია რომ გადაიდგას. 

 

-2021 წელს რა ნაბიჯების გადადგმას მოიაზრებთ?  

-2021 წელი დავიწყეთ იმით, რომ სერვისების უწყვეტობა შევინარჩუნეთ. ყველა გეგმიური სერვისი თუ პრევენცია, პანდემიის ფონზე, მეორე რიგში აღმოჩნდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ამ პროგრამების ქვეშ ტარდება და მოიაზრება, არის უმნიშვნელოვანესი. ამ თემის დავიწყება არ შეიძლება. კვლევები რეკომენდაციების, რეგულაციების დაცვით ტარდება.

 

-პანდემიის ფონმა რამდენად იმოქმედა მომართვიანობაზე?

-ეს ჩვენც შეგვეხო. ქვეყანაში ისედაც არ არის მიზნობრივი პოპულაციის პროგრამაში ჩართულობის სახარბიელო მაჩვენებელი, მაგრამ პანდემიის პირობებში, ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა. თუმცა, რადიკალური ვარდნა არ ყოფილა, რისთვისაც ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. წინა წელთან შედარებით მომართვიანობა 15%-ით შემცირდა.  

გარკვეული მიმართულებებით ვიმუშავეთ, მათ შორის სანიტარული ნორმების თვალსაზრისით, ასევე საორგანიზაციო საკითხების მხრივ - ცხელი ხაზი გადაეწყო, მიეწოდა დამუშავებული ინფორმაცია ცენტრებთან ახლომდებარე პაციენტების მოსაწვევად, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტიც შეზღუდული იყო.  

 

-თანამშრომლების შენარჩუნება თუ მოახერხეთ?

-დიახ, ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ. ამისთვის ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. პირველი ლოქდაუნის დროს, ფაქტობრივად 2 თვე ცენტრი გაჩერებული იყო. მხოლოდ დამატებითი კვლევები ტარდებოდა მათთვის, ვისაც პირველადი კვლევა ჩატარებული ჰქონდა და თუ მდგომარეობა გადაუდებელი იყო. 

აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ სუბსიდირების საშუალებით, ყველა თანამშრომელზე ანაზღაურება სრულად გაიცა. ახლა ვაგრძელებთ მუშაობას. 

 

-ავხსნათ, თუ რატომ არის სკრინინგი მნიშვნელოვანი...

-სკრინინგი გულისხმობს ფარულად მიმდინარე დაავადების აღმოსაჩენად ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევას. ამ პროგრამით გათვალისწინებული კვლევების ჩასატარებლად არ უნდა დაველოდოთ რაიმე ნიშანს, სიმპტომს.  რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება გამოვლენილი დაავადება, მით მეტია აბსოლუტური განკურნების ან იმის შანსი, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ. სკრინინგი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უზრუნველყოფს. პროგრამა ავლენს არა მხოლოდ კიბოს, არამედ მის წინარე დაავადებებს, რომელთა მართვაც გაცილებით მარტივი, ხარჯთეფექტური და შედეგიანია. ამიტომ, მნიშვნელოვანია დროული ჩართვა. 

 

-ცენტრი როგორ ეხმარება მოქალაქეებს?

-ეროვნული სკრინინგ ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ ახორციელებს სკრინინგის პროგრამებს. ეს ჯერ მხოლოდ თბილისის მასშტაბით იყო ხელმისაწვდომი, 2011 წლიდან კი უკვე საქართველოს მასშტაბი მოიცვა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. სკრინინგის პროგრამა აბსოლუტურად უფასოა და არ ითვალისწინებს არანაირ თანაგადახდას. სახელმწიფო სრულად ფარავს ამ პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებს. 

 

-რას საქმიანობდით სანამ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში დაიწყებდით მუშაობას?

-პროფესიით ექიმი ვარ. 6 წელი პრაქტიკოს ექიმად ვიმუშავე და შემდეგ სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით გავაგრძელე მუშაობა, ჯერ სასწრაფო დახმარების ტრენინგ ცენტრში ვიმუშავე, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით ვხელმძღვანელობდი სამმართველოს. შემდეგ უკვე სკრინინგ ცენტრში მოვხვდი.  

 

-რა გეამაყებათ თქვენს პროფესიულ არჩევანში ყველაზე მეტად?

-მთავარია, საქმისადმი ერთგულება, შრომისმოყვარეობა და ჯანსაღი ამბიცია იმისა, რომ რაიმე დადებითი გააკეთო, რაღაცით ხელი შეუწყო კეთილ საქმეს. ამასთან ერთად, აუცილებელია იყო ის, ვინც ხარ. როცა რაღაცის გაკეთება ნამდვილად გინდა, მერე ხელიც გეწყობა. ჩემს შემთხვევაში, ასეა. როცა სწორი მიმართულებით მიდიხარ და ამის გაკეთება ძალიან გინდა, ის საქმე გამოდის. 

ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ჩვენი სამსახური სწორი მიმართულებით მიდის. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული. რადიკალური ცვლილებები ერთ დღეში არ მიიღწევა, თუმცა ბევრი ნაბიჯია გადადგმული, ბევრ პროექტს საფუძველი აქვს ჩაყრილი. 

მოვიაზრებთ, მოდელის ცვლილებას და მის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შემთხვევაში, წვლილი შეგვაქვს მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ციტოლოგიური ტესტი იცვლება უფრო მაღალტექნოლოგიური ტესტით. გვინდა, ეს მოვახერხოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თუმცა ჩვენს ცენტრს კონკრეტულად დაგეგმილი აქვს კლინიკური კვლევა, რაც ძალიან მალე დაიწყება.

ძუძუს კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით, გვსურს, დამატებითი დიაგნოსტიკური მეთოდები შემოვიტანოთ. ამისთვის, ჩვენი ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამდიდრებას ვგეგმავთ.  

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან მომუშავე პერსონალი არის მაღალკვალიფიციური და მათ შეუძლიათ თანამედროვე მეთოდების მიწოდება მოსახლეობისთვის, თუ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეგვიწყობს ხელს. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

 

-რა არის თქვენთვის მოტივაციისა და ენერგიის მომცემი?

-ალბათ, დასვენების დღეებში ბავშვებთან ერთად ყოფნა. შემდეგ საქმის კეთებისთვისაც სტიმული მეტია.

 



სტუმარი: ეთერ კიღურაძე - ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი