Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსეთზე დამოკიდებულება – საქართველოს მაგალითი

BM.GE
28.10.22 13:26
153
ეროვნული ბანკის შეფასებით, რუსეთიდან და ბელარუსიდან ვიზიტორთა რიცხვი 80,000-90,000-ით აღემატება იმ ვიზიტორთა რაოდენობას, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს შემოვიდოდნენ. “ამ ნამატს ომის ეფექტად მივიჩნევთ და შემოსულ პირებს მიგრანტებად მოვიხსენიებთ“, - აღნიშნავენ სებ-ში. 

ეროვნული ბანკის ანგარიშში მოყვანილია გერმანიის ეკონომიკური გუნდის (German Economic Team) მიერ 2022 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ომის გამო საქართველოში წამოსული ბელარუსების და რუსების უმეტესობა ახალგაზრდაა და უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. მათი დიდი ნაწილი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში სრული განაკვეთითაა დასაქმებული. ამავე კვლევის მიხედვით, ომის შემდეგ რუსეთიდან წამოსული ოჯახი საქართველოში ყოფნისას საშუალოდ თვის განმავლობაში $1,730-ს, ბელარუსიდან წამოსული კი - $1,440-ს ხარჯავს. 

სებ–ში ვარაუდობენ, რუსეთიდან წამოსული მიგრაციის მეორე ნაკადი პროფესიული უნარ-ჩვევებითა და შემოსავლებითაც, გაზაფხულის მიგრანტთა ნაკადისგან განსხვავდება. 

“შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მეორე ნაკადის მიგრანტი ოჯახების საშუალო დანახარჯები შედარებით ნაკლები იქნება და ვუშვებთ, რომ ეს თანხა საშუალოდ თვეში $1,000-ის ფარგლებში იქნება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. 

ამ დაშვებებსა და ანალიზზე დაყრდნობით, სებ-ი ელის რომ 2022 წელს მიგრანტებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები 500 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 018 912-მა რუსმა გადმოკვეთა. შარშან იგივე პერიოდთან შედარებით მონაცემები 431%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ სექტემბერში კი საქართველოში რუსეთის 222 274 მოქალაქე შემოვიდა, რაც შარშან იგივე პერიოდის მაჩვენებელს 511%-ით აღემატება.

ამასთან, შარშან რუსეთი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორი იყო. საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის 62% რუსეთზე მოდიოდა. რუსული ელექტროენერგიის შესყიდვა საქართველოში $12 მილიონი დაუჯდა. 

ამასთან, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად და შარშან გაყიდული ღვინის 57% სწორედ რუსეთზე მოდის. რას ამბობენ ეს რიცხვები და ეს ტენდენციები?