Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი გახარია ლარის კურსზე: "მართლაც ეს არის მოლოდინების თემა"

59f988d217232
თელარა გელანტია
01.11.17 12:40
1093
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას მოლოდინებით ხსნის.
მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები პოზიტიურია.

"ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრები არის პოზიტიური, ეკონომიკური ზრდა სექტემბრის მონაცემებით კარგი გვაქვს, ექსპორტის ნაწილში 28%-ზე მეტი ზრდა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, ზრდა გვაქვს ფულად გზავნილებშიც, ტურიზმის ნაწილში კარგი მაჩვენებელები გვაქვს, შესაბამისად გამოდის, რომ მართლაც ეს არის მოლოდინების თემა. მოლოდინები ხდება სეზონური. შარშან უფრო რბილად გადავლახეთ გაუფასურების ეტაპი, ვიდრე შარშანწინ. დარწმუნებული ვარ, რომ წელს მოლოდინებიით გამოწვეული ლარის კურსის მერყეობა გადალახული იქნება და მომავალ წელს ეს საკითხი კიდევ უფრო მარტივად მოგვარებადი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

გახარიას თქმით, მას ესმის, რომ ლარის კურსის მერყეობა პირდაპირ არის დამოკიდებული მოქალაქეების შემოსავლებთან, „მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ ის მომენტი, რომ ლარის კურსი ბოლო წლებში სტაბილურად გარკვეული დროის შემდეგ მყარდება“.

"წელსაც იგივე ეფექტი იქნება. გვჯერა და ვიცით, რომ ეს სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ ხარჯვითი და ფინანსური ცხოვრების პროგნოზირების და დაგეგმვის დროს და მაქსიმალურად ვიყოთ მოქნილები. ვიცით, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის პოზიტიური. გვაქვს საკმაოდ დაგროვილი გამოცდილება, რომ მსგავს მერყეობას მოჰყვება სტაბილურობა და კურსის გამყარება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ამ მერყეობის ეტაპს, სეზონურობას უფრო მარტივად გადავლახავთ", - განაცხადა გახარიამ..