Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია დაფუძნდა

5a2a4d8ebd592
დავით ჯალაღონია
08.12.17 12:27
1076
საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია "ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში გაიმართა.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა ლევან ვეფხვაძე, აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი აბრამიშვილი. ასევე, ასოციაციის გამგეობის წევრია ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა.

ორგანიზაციაში გაერთიანებულია ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე 15 კომპანია. ასოციაციის მიზნებია განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პოპულარიზაცია, ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება, კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი ელექტროენერგიის ბაზრის შემუშავების ხელშეწყობა, დარგის განვითარების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება.

"ჩვენ ვმოძრაობთ დერეგულირებული ბაზრისკენ. გარანტირებული შესყიდვის ტარიფები ალბათ, აღარ იქნება. ერთის მხრივ ამ რეფორმების მოლოდინში ვართ და მეორეს მხრივ, გვაქვს საკმაოდ სწრაფად მზარდი მოხმარება, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და ჩვენი დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების ენერგიაზე იზრდება. სწორედ ამ გამოწვევების გადასაწყვეტად ჩვენ დავაფუძნეთ საერთო პლატფორმა და გვექნება დისკუსიის რეჟიმი მთავრობათან“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, რომელიც ასოციაციასთან ერთად კომპანია „ენერჯი სოლუშენს“ ხელმძღვანელობს.

ასოციაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ენერგოსექტორში დიდი რეფორმებია გასატარებელი და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

"მთავრობას, ცალკე აღებულს, არ შეუძლია წარმატებულად განახორციელოს რაიმე სახის რეფორმა, თუ ამაში მომხმარებლები, გენერაციის ობიექტები და ინვესტორიები არ იქნებიან ჩართულნი. ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ბევრი სამუშაო გვაქვს, მოხმარება იზრდება და უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. მეორეს მხრივ – ახალი ბაზრის მოდელის დანერგვა გვინდა, რომელიც მიწოდება–მოთხოვნის საფუძველზე ჩამოყალიბებული იქნება და მისი დანერგვის პროცესში ამ ასოციაციას ლომის წვლილი ექნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს განახლებადი ენერგიების წარმოების ასოციაციის წევრი კომპანიები არიან: შპს "ენერჯი სოლუშენს“, შპს "ენერგო-არაგვი“, შპს "სილქ როუდ ენერჯი“, შპს "ფშაველა“, ააიპ "მაღალი კაშხლების საქართველოს ეროვნული კომიტეტი", შპს "ტესლა", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, შპს "აღმოსავლეთის ენერგო კორპორაცია“, შპს "უსასრულო ენერგია“, შპს ,,ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“, შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ", შპს "მაქსანია 2014", შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", შპს "ჰიდრო ენერგო კორპორაცია“, შპს "ჯორჯია ჰიდრო“.