Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თელავის ღვინის მარანი" ვენახს ახალი ტექნოლოგიით გააშენებს

5a6aec121729f
მაია ბიწაძე
26.01.18 13:00
1399
კომპანია "თელავის ღვინის მარანი" კახეთში, ნაფარეულის მიკროზონაში 35 ჰექტარ ფართობზე ვენახს ახალი ტექნოლოგიებით გააშენებს. ამის შესახებ Bm.ge -ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა.

"ეს ისტორიულად ცნობილი მიკროზონაა, სადაც მოდის ძალიან კარგი ხარისხის ღვინო, როგორც თეთრი, ასევე წითელი. ჩვენ ამ ნაკვეთს ახალი ტექნოლოგიებით და ახალი ცოდნის გათვალისწინებით გავაკეთებთ…კომპანიები კახეთში ვენახებს ძირითადად ისტორიული, მამაპაპური გამოცდილების შესაბამისად ვაშენებთ და არ ვითვალისწინებთ იმ თანამედროვე გამოცდილებას, რომელიც ამ ეპოქამ მოგვცა. ჩვენ გვინდა, სწორედ ეს ახალი ნოვატორული იდეები გამოვიყენოთ ვენახის გაშენებაში, ეს ეხება როგორც საძირის შერჩევას, ასევე კონკრეტული ჯიშის კლონის შერჩევას, კონკრეტული ნიადაგობრივი და კლიმატური პირობების გათალისწინებით“ - განაცხადა ზურა რამაზაშვილმა.

კომპანია კახეთში 330 ჰექტარ ვენახს ფლობს, აქედან 300 ჰექტარზე მოწყობილი აქვს წვეთობრივი ირიგაციის სისტემები, რომელიც მთლიანად ავტომატიზირებულია.

"ეს არის ელექტრონული სისტემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ჩარევის გარეშე განსაზღვრავს წყლის იმ რაოდენობას, რომელიც ვენახს სჭირდება და შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის ამის შესახებ, შემდეგ უკვე ოპერატორი გადაწყვეტს, თუ რა რაოდენობის წყალი მიაწოდოს ვენახს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კლიმატური ცვლილებების დროს, რომლის მომსწრენიც ამ ბოლო დროს ვართ",- განაცხადა ზურა რამაზაშვილმა.

"თელავის ღვინის მარანმა" გასულ წელს ვენახებში, კერძოდ საირიგაციო სისტემების მოწყობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანიამ წელს რთველზე 6 ათას ტონა ყურძენი გადაამუშავა, საიდანაც 50%-ზე მეტი საკუთარ ვენახებიდან მოწეული მოსავალი იყო.