Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს როლი ენერგეტიკაში

BM.GE
23.12.22 13:05
126
საუკუნის პროექტად შეფასებული შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელმაც ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან უნგრეთამდე და შემდეგ – ევროპამდე უნდა მიიტანოს. ევროპისთვის ამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი პროექტის ინიციატორი და ერთი მთავარი რგოლია საქართველო. 

შესაძლებლობის ფანჯარა – ეს შეფასება ამ პროექტის მიმართაც აქტიურად ისმის ევროპის და ჩვენი ქვეყნის კონტექსტში. მთავარ შესაძლებლობად კი მთავრობაც და ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ იმას, რომ საქართველო შესაძლოა გასცდეს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს და ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსიც შეიძინოს. 

ამას რა თქმა უნდა ბევრი ისეთი პროექტის დასრულება და წარმატებით განხორციელება დასჭირდება, რომლებიც დღეს ჰაერშია გამოკიდებული – ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა – დიდი კაშხლები, სადაც ინტერესთა ჯგუფების ნაწილს მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 

მთავრობამ ახალ ხერხს მიმართა – ამბობს, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული მიიმართება ამ მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. შავი ზღვის კაბელის პროექტი მწვანე ენერგიის ექსპორტზე იქნება ორიენტირებული – ჰიდრორესურსების გარდა, საქართველოს მზის და ქარის ენერგიის ათვისებაც უფრო აქტიურად მოუწევს – თუმცა, ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა გეგმად დარჩება, თუ დიდი ჰესებიც არ აშენდა. 

გეგმა კი ასეთია: 2032 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე 10086 მგვტ-მდე უნდა გაიზარდოს. აქედან – 4326 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 3139 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 760 მგვტ ქარის სადგურების, 171 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1579 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე. 

ჰესების წილმა ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2032 წლისთვის 74%-ს უნდა მიაღწიოს. აქედან – მარეგულირებელი ჰესების წილი ქვეყნის ჯამური სიმძლავრის 43%-ი იქნება. ამას უნდა უზრუნველყოს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენება წყალმცირობის პერიოდებში, ელექტროენერგიისა და თბოსადგურებისთვის საჭირო საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2032 წლისთვის დაახლოებით 10% უნდა იყოს. 

რა სჭირდება დღეს ენერგეტიკის დარგს განვითარებისთვის და იმისთვის, რომ 2029 წლისთვის, როცა შავი ზღვის კაბელის პროექტი წესით უკვე დაძრული უნდა იყოს, საქართველო მზად დახვდეს მის წინ გადაშლილ შესაძლებლობებს? 

სტუმარი: მურმან მარგველაშვილი - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, დამფუძნებელი