Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ეკონომიკური ატაშეების დანიშვნა საჭირო და აუცილებელია"

597da3667524a
BM.GE
30.07.17 15:30
792
თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, გალფის ქვეყნებსა და ჩინეთში საქართველოს ეკონომიკური ატაშეები ეყოლება. კომერციული ატაშეების ძირთადი ფუნქცია, როგორც მსხვილ შემსყიდველებთან კომუნიკაცია ასევე, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა იქნება,- თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე საუბრობს.

-ბატონო სანდრო, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეკონომიკური ატაშეების გაგზავნა საჭირო იმ ქვეყნებში, ვისთანაც უკვე კარგი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს?

-უპირველესად, აღვნიშნავ, რომ თვითონ ეს გადაწყვეტილება, რომელიც საელჩოებში ეკონომიკური ატაშეების დანიშვნას უკავშირდება, ძალიან პოზიტიური, საჭირო და აუცილებელია. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებში, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სწორედ იქ გაიგზავნება ეკონომიკური ატაშეები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ის ქვეყნებიც, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველია, იქაც აუცილებელია და ეს ეტაპობრივად მოხდება, რაც საერთო ჯამში საელჩოებს და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ წარდგენის პროცესს წაადგება. ბოლო წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური თვალსაზრისით დადებითი პროცესებით, საქართველოს მეტნაკლებად უკვე იცნობენ, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე სამეზობლოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობადობა არსებობს, მისი გაზრდა აუცილებელია. თუმცა, ილუზია ნუ გვექნება იმისა, რომ ამის ერთგვარად გადაწყვეტა მხოლოდ ეკონომიკურ ატაშეს შეუძლია. ეს უნდა იყოს პროცესი, რომელშიც აუცილებლად ჩართული უნდა იყოს პირადად ელჩი და ასევე, სამთავრობო სტრუქტურები. საელჩო არის ინსტრუმენტი, რომლითაც ადგილსამყოფელ ქვეყენაში შენი ქვეყნის მიმართულება კარგად უნდა წარადგინო, ერთგვარი პრეზენტაცია გააკეთო. თუმცა, ასევე სერიოზული მხარდაჭერაა საჭირო, ეს იქნება მინისტრების ვიზიტები, სხვადასხვა ფორუმები თუ კონფერენციები. ეკონომიკური ატაშესა და საელჩოს დამოკიდებულებას რაც შეეხება, ვფიქრობ, საელჩოში მისი პოზიცია საკმაოდ საინტერესოა.

-თქვენი აზრით, იდეალური სქემა როგორია?

-კომერციული ატაშე, ვინც არ უნდა დანიშნოს ის, კვალიფიციური პირი უნდა იყოს, რომელიც საელჩოში იმუშავებს. ასევე აუცილებელია ეს ადამიანი ორმაგ დაქვემდებარებაში იყოს. ეკონომიკური ატაშე ელჩის დაქვემდებარებაში უნდა იყოს და ელჩთან ერთად, ვთქვათ იმ კომპანიების ნუსხას ადგენდეს, სად შეიძლება წარმატების მიღწევა, ასევე რიგ პროექტებზე იმუშაოს და ერთგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს. ეკონომ-ატაშემ ყველა საკითხი ყველა დონეზე რომ მოაგვაროს წარმოუდგენელია. მისი ფუნქციაა ყველაფერი ეს ორგანიზებული და დალაგებული იყოს, ზუსტი ინფორმაცია ქონდეს, თუ რომელ სექტორში შეიძლება თანამშრომლობის განვითარება და შემდეგ საკითხი ელჩთან ერთად დაძრას და განავითაროს.

- აშშ-სა და ევროკავშირში რამდენად საკმარისი იქნება ერთი ეკონომიკური ატაშე?

-რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, შესაძლოა საელჩოში ეკონომიკური სექცია გვქონდეს და არ იყოს მხოლოდ ერთ წარმომადგენელი. შესაძლებელია ეკონომიკურ ატაშეს ჰყავდეს თავისი თანაშემწე და სხვადასხვა ტექნიკური პერსონალი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პირობებში ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. ამიტომ, ერთი ადამიანიც კი, თუ კი იგი პროფესიონალი, მოტივირებული და თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, რა თქმა უნდა, ელჩთან და მთელ საელჩოსთან ერთად, საკმაოდ საინტერესო პროექტებს განახორციელებს, რომლებსაც კარგი შედეგები ექნება. ამ ეტაპზე ეს უკვე წარმატებაა, აღნიშნული მიმართულებით ჩვენს საელჩოებში თუნდაც ერთი ადამიანი კარგად თუ იმუშავებს.