Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინტერნეტბაზრის ყველაზე დიდ წილს "მაგთიკომი'' ფლობს

5a438b8011f6e
ელენე გოგბერაშვილი
27.12.17 15:59
962
ინტერნეტმომსახურების ბაზარზე ცვლილებებია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ინტერნეტმომსახურების ბაზრის მოთამაშე კომპანიებს შორის ,,მაგთიკომმა’’ მოწინავე პოზიციაზე გადაინაცვლა. 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით, "მაგთიკომის" ინტერნეტ-აბონენტების რაოდენობა 288,005-ს შეადგენს.

როგორც "მაგთიკომის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ინტერნეტბაზრის ლიდერ პოზიციაზე გადასვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

"როდესაც კავკასუს ონლაინი შევიძინეთ მაშინ მაგთიკომის ქსელი უბან-უბან იყო წარმოდგენილი. მთლიანად არ იყო დაფარული ქალაქები და სხვა დასახლებული პუნქტები. ინტენსიური მუშაობის შედეგად და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, მივაღწიეთ იმას, რომ დღეს მაღალი ხარისხის პროტექტირებულ ინტერნეტკავშირს ვთავაზობთ აბონენტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაცულია ქსელი იმ კუთხით, რომ თუ დაზიანება მოხდა ერთი მიმართულებით, ავტომატურად გადაერთვება ინტერნეტის სიგნალი მეორე მიმართულებაზე და აბონენტს წყვეტა არ ექნება. ასევე განახლდა ტელევიზიის პლატფორმა, გაიზარდა არხების რაოდენობა და ამ ყველაფერმა განაპირობა ჩვენი ლიდერობა ბაზარზე’’, - აცხადებს დავით მუჯირიშვილი.

აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა "სილქნეტი" 277,576 აბონენტით. 37,812 აბონენტი ჰყავს "ახალ ქსელებს", ხოლო 20,043 აბონენტით ოპერირებს ბაზარზე "CGC".

მარეგულირებლის ინფორმაციით, "მაგთიკომი'' ბაზრის ლიდერია მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვითაც. ბოლო მონაცემებით, მაგთიკომის მობილური მომსახურებით 1,971,125 აბონენტი სარგებლობს.

რაც შეეხება შემოსავლებს, ნოემბრის მდგომარეობით, "მაგთიკომის" შემოსავლებმა 8 მილიონ 973 ათას ლარზე მეტი შეადგინა. "სილქნეტმა" გაწეული მომსახურების შედეგად კი 7 მილიონ 57 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.