Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი ვებგვერდი www.dcfta.gov.ge ამოქმედდა

5947b849ce23b
BM.GE
19.06.17 15:28
574
"ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის - www.dcfta.gov.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი კატია კამერერი, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვებგვერდის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჩაატარა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ვებგვერდზე განთავსებულია DCFTA-ს შესახებ პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე. მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ვებგვერდის საშუალებით შეეძლებათ DCFTA-ის შეღავათებით სარგებლობისათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენა DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე.

ვებგვერდის შექმნაში აქტიური მონაწილეობისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის DCFTA-ს ვალდებულებების შესრულება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და რეფორმებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აღებული გვაქვს, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში. მათ შორის არის ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, ინტელექტუალური საკუთრება, საბაჟო პროცედურები, და ა.შ. ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, რის დამადასტურებელ ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია დავასახელო ჩვენი აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აკრედიტაციის შედეგების საერთაშორისო აღიარება" - აღნიშნა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ.

მინისტრის განცხადებით, DCFTA-ს ვებგვერდი არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს რესურსს ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის პრომოციის ნაწილში.
„იმედი გვაქვს, რომ ყველა თქვენგანი, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებთ მონაწილეობას ამ ვებგვერდის განვითარებასა და ინტერაქციაში, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ პლატფორმაზე. ეს ყველას მოგვცემს საშუალებას, რომ ევროკავშირთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა და ვაჭრობა იყოს უფრო ეფექტური“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„პლატფორმა, რომელიც ვებგვერდის საშუალებით შეიქმნა, არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენს იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეუფერხებლად მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია DCFTA-ს შესახებ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობისთვის გადადგმული ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. DCFTA საქართველოს აძლევს შესაძლებლობას გახდეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი“ - განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ვებგვერდს აქვს მომხმარებელზე მორგებული, ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც კერძო სექტორს დეტალურ ინფორმაციას გააცნობს ევროკავშირის ბაზარზე შესვლასა და იმ პროცედურებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. „ჩვენ კერძო და არასამთავრობო სექტორთან ერთად ვახორციელებთ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების საინფორმაციო კამპანიას როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ ასევე შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების ნაწილში დეტალურად გადის იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

ახალი ვებგვერდის www.dcfta.gov.ge-ს პრეზენტაცია ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.