Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა: თამბაქოს პროდუქციის მარაგები განახევრდა

5a14000037a7a
დავით ჯალაღონია
21.11.17 14:28
835
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული თამბაქოს პროდუქციის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა.

კერძოდ, კანონპროექტში წერია, რომ 2016 წელს საქართველოში თამბაქოს პროდუქციის საშუალოდ, 2 თვის მარაგი მუდმივად არსებობდა, 2017 წელს კი განახევრდა და ამ ეტაპზე საშუალოდ, 1 თვის მარაგია (30 მლნ კოლოფი).

გარდა ამისა, მთავრობის ინფორმაციით, აქციზის განაკვეთების ცვლილების შედეგად, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდა თამბაქოს მოხმარება საქართველოში.
„2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, რაც არის მოხმარების 15.5%-იანი შემცირება. იმის გამო, რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს შემცირდება საპროგნოზო მაჩვენებლზე (8%) მეტად, (საპროგნოზო შემცირება - 0.7 მილიარდი ღერი, ხოლო ფაქტიური შემცირება - 1.3 მილიარდი ღერი) ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს ჩამორჩება“, - კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საერთო ჯამში, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2017 წელს აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 435.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 192 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის დამკტიცებულ გეგმასთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიცირებით, ფინანასთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა საგადასახადო შემოსავლების დაგეგმილთან შედარებით, 200 მილიონი ლარით გადაჭარბების გამო გადაწყვიტა.