Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან კრიპტოვალუტებისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრა

5a8a86ff52630
BM.GE
19.02.18 12:10
752
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში კრიპტოვალუტებისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები და მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით.

მსოფლიო ბანკის მისია ასევე გეგმავს შეხვედრების გამართვას სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში, სადაც ასევე არის დანერგილი blockchain-ის ტექნოლოგიები.
შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.