Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირინა მილორავა ელექტროენერგიის გაძვირების მიზეზებს განმარტავს

5a448236c7e20
BM.GE
28.12.17 09:32
622
სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მიზეზებს განმარტავს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტარიფის ზრდა ძირითადად კერძო სექტორის მიერ დაგეგმილმა ინვესტიციებმა განაპირობა.

„პირველ რიგში, ტარიფების ზრდა ელექტროენერგეტიკულ სექტორში განაპირობა იმ უპრეცედენტოდ მაღალი მოცულობის ინვესტიციამ, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით - უნდა გაძლიერდეს გადამცემი და გამანაწილებელი ქსელი და ასევე, უნდა მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების ჯამური რაოდენობა მომავალი სამი წლის განმავლობაში, აქ შედის მხოლოდ გენერაციის რვა ობიექტი, შეადგენს მილიარდ 200 მილიონ ლარს, შესაბამისად ამ ტარიფებში ძირითადად მოხდა ამ საინვესტიციო ვალდებულებების ასახვა, განსხვავებით 2015 წლისა, როდესაც ტარიფების ზრდა მნიშვნელოვნად მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილებით განხორციელდა. ახლა ეს ცვლილება სახეზე არ გვაქვს, რადგან ტარიფის გაანგარიშებისას ჩვენ გავითვალისწინეთ კურსი 2 ლარი 50 თეთრი“, - განმარტა ირინა მილორავამ.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია და 2020 წლისთვის კიდევ დაახლოებით 20%-ით გაიზრდება, რაც სექტორისთვის სერიოზული გამოწვევაა.

გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარემ უპასუხა „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ხარჯების გარკვეული ნაწილი, მათ შორის სახელფასო ფონდიდან ტარიფში არ გაითვალისწინა, რადგან მიიჩნია, რომ „თელასის“ შემთხვევაში სახელფასო ფონდის ზრდა კომისიის მიერ დადგენილ მეთოდოლოგიასთან შეუსაბამო იყო.

„ძირითადი უთანხმოების საგანი, როგორც წესი, საოპერაციო დანახარჯებია. თავისთავად ცხადია, რომ კომპანიები ითხოვენ ყველა იმ დანახარჯის ტარიფში ასახვას, რომლიც მათ გასწიეს გასულ პერიოდში. იმისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომ მოახდინოს ამ დანახარჯების ძალიან დეტალური ანალიზი და მათ შორის, არ დაეთანხმოს ხარჯების ნაწილს. გარკვეულ ნაწილში ჩვენ კომპანიებს არ დავეთანხმეთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საინვესტიციო ვალდებულებები სრულად იქნა ასახული მოქმედ ტარიფში.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან „თელასის“ აბონენტებისთვის 1 კვტ.სთ ელექტროენერგია დაახლოებით 1.56 თეთრით გაიზრდება, „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ კი - 1.28 თეთრით.