Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავიაკომპანიები გასულ წელს აჯამებენ

5a439f30d2c98
სალომე მეცხვარიშვილი
03.01.18 10:00
1071
2017 წელი ქართული ტურისტული ბაზრისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. 11 თვის მონაცემებით, საქართველოში 7 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ყველაფერთან ერთად, 2017 წლის მარტიდან ამოქმედდა ვიზალიბერალიზაცია და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შეუძლიათ მიმოსვლა.

როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ნაბიჯმა საქართველოს იმიჯი ბევრად გააუმჯობესა და ქვეყნის მიმართ ინტერესიც გაზარდა.

Bm.ge დაინტერესდა, როგორი იყო 2017 წელი ავიაკომპანიებისთვის და რას ელოდებიან ისინი მომდევნო წლისთვის.

ტუროპერატორი კომპანია "პეგას ტურისტიკის" ხელმძღვანელის მოადგილე სალომე ბერაია Bm.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ იმდენად დიდი ინტერესია ტურისტების მხრიდან, რომ ქვეყანას მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. თუმცა, სალომე ბერაია ამბობს, რომ მომავალ წელს საქართველოში რამდენიმე სასტუმროს დასრულება იგეგმება

"ვიზალიბერალიზაცია ძალიან დაეტყო სფეროს, პირველ რიგში, ეს აისახა გაყიდვებში და ასევე იმაში, რომ ქართულ ბაზარზე შემოვიდნენ საერთაშორისო ავიაკომპანიები. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტი ვითარდება, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ WizzAir-მა ახალი მიმართულებები დაამატა, კონკრეტულად ბარსელონა, პარიზი, რომლებმაც საქართველოს ბაზარზე ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ფასების გამოცხადებიდან ერთ თვეში მინიმალური ტარიფის მქონე ბილეთები აღარ არის.

ის ფაქტი, რომ საქართველოში შემოვიდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ტუროპერატორი და ავიაკომპანია, ამან გამოიწვია ინტერესი საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის საქართველოში, ტურისტების დიდი ნაკადია. ფიზიკურად ვერ ავუდივართ, არ გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ",- აცხადებს სალომე ბერაია.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია წინასაახალწლო პეროდშიც და ტუროპერატორებს სასტუმროებში ჯავშნების გაკეთება 4-5 თვით ადრე უწევთ. სალომე ბერაია აცხადებს, რომ ამჟამად შეკვეთებს ვეღარ იღებენ, რამდენადაც „სასტუმროები გადაჭედილია“. კომპანია ძირითადად არაბულ ქვეყნებზე მუშაობს და დაინტერესებაც სწორედ ამ მიმართულებით აქვს.

მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა 2018 წელს დადებითად აფასებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი მიმართულება დაამატეს და შეიძინეს რამდენიმე საფრენი აპარატიც.

გარკვეული პრობლემები ჰქონდა კომპანიას ყაზანში ფრენასთან დაკავშირებითაც, თუმცა, ამ ეტაპზე პრობლემა გამოსწორებულია. ამასთან, ქართული ავიაკომპანია ამბობს, რომ არასამართლიან პირობებში არიან რუსულ ავიაკომპანიებთან, რამდენადაც მათ რუსეთში 3-ჯერ დაბალი ტარიფების გადახდა უწევთ, ვიდრე ქართულ ავიაკომპანიას.

2018 წელს კომპანიას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. ახალ ბოინგთან ერთად კომპანია ახალი მიმართულებების დამატებასაც აპირებს. გივი დავითაშვილი აცხადებს, რომ ახალი სანავიგაციო სეზონიდან 8 მიმართულების დამატებას გეგმავენ, მათ შორის პარიზი, ბარსელონა, ბრიუსელი, ბერლინი და ა.შ.