Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი 3 სამთავრობო უწყებას მიმართავს

5a461487dbc46
BM.GE
29.12.17 14:09
716
ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მიმართა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელწმიფო შესყიდვის დროს შემსყიდველის მიერ ტენდერის პირობად სადაზღვევო სფეროში გამოცდილების არსებობის მითითების დისკრიმინაციული ხასიათისა და კონკურენციის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის თაობაზე.

კომპანიები აღნიშნავდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიების საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და გადახდიუნარიანობის მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს წარმოადგენენ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის ფინანსური სტაბილურობის შეფასებისთვის და აღნიშნული კრიტერიუმების პარალელურად შემსყიდველის მიერ მიმწოდებელი სადაზღვევო კომპანიისთვის დამატებითი გამოცდილების არსებობის მოთხოვნა ეწინააღმდეგება კონკურენტუნარიანი ბაზრის პრინციპს.

საკითხთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციებით კონკურენციის სააგენტოს, შესყიდვების სააგენტოსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. უწყებებისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები იმგვარად უნდა იქნეს შერჩეული, რომ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება იმ მიზნის მიღწევის საშუალება უნდა იყოს, რისთვისაც ხდება მათი დადგენა. ამასთანავე, აღნიშნული კრიტერიუმები არ უნდა წარმოადგენდეს ხელოვნურ და გაუმართლებელ ბარიერს პოტენციური პრეტენდენტებისთვის.

"ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის ბუნდოვანი რჩება ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დროს შემსყიდველთა მიერ ტენდერის პირობად სადაზღვევო სფეროში გამოცდილების არსებობის მითითების მიზანი და დანიშნულება.

იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო სფეროში გამოცდილების არსებობის მოთხოვნის მიზანი მზღვეველის ფინანსური სიმყარისა და გადახდისუნარიანობის შეფასებაა, შემსყიდველის მიერ ასეთი პირობის დადგენა ცალსახად არამართლზომიერია.

სადაზღვევო საქმიანობა ლიცენზირებული საქმიანობაა, რაც მისდამი განსხვავებული მიდგომის საჭიროებას განაპირობებს, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას. ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების დროს შემსყიდველის მიერ ტენდერის პირობად სადაზღვევო სფეროში გამოცდილების არსებობის მითითებით კი, შემსყიდველი ეჭვ ქვეშ აყენებს კომპანიის მიერ სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას და პრაქტიკულად აქარწყლებს სამსახურის მიერ მისთვის მინიჭებულ უფლებას განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა, როდესაც მას არ აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღოს სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში.

მიგვაჩნია, რომ სადაზღვევო კომპანიების ლიცენზირება წარმოადგენს მათი სადაზღვევო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობის უპირობო საფუძველს და ჯანმრთელობის დაზღვევს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დროს შემსყიდველთა მხრიდან ტენდერის პირობად სადაზღვევო სფეროში გამოცდილების არსებობის დადგენა დაუსაბუთებელია და არ გამომდინაეობს კანონმდებლობის მოთხოვნიდან“, - ვკითხულობთ ბიზნესომბუდსმენის წერილში.