Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოს საბაჟო საზღვარი მდინარე ენგურსა და გორის რაიონის მიმდებარედ გადის"

5a69d9dabb815
თამუნა დემეტრაშვილი
25.01.18 17:40
946
საქართველოს საბაჟო საზღვარი მდინარე ენგურსა და გორის რაიონის მიმდებარედ გადის - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ “კომერსანტთან“ ინტერვიუში გააკეთა. აღნიშნული კომენტარი საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ეხებოდა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველომ "არ აღიარა" მისი "ყოფილი ტერიტორიები" წარმოიშვა "გაურკვევლობა", სად გადის დღეს საქართველოს საბაჟო საზღვარი.

"სწორედ 2011 წლის შეთანხმებამ შეიტანა აუცილებელი სიცხადე ამ საკითხში. ამ საერთაშორისო ხელშეკრულებაში აღნიშნულია ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებიც საქართველოს საბაჟო სამსახურისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ყაზბეგის რაიონი- რუსეთის საზღვართან, მდინარე ენგური (საიდანაც იწყება აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორია) და გორის მიმდებარედ (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვართან ახლოს)“,- აღნიშნა კარასინმა გამოცემასთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ შეთანხმებაზე რუსული მხარე დიდ იმედებს ამყარებს და იმედოვნებს, რომ ის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს რეგიონულ ვაჭრობას. კარასინის თქმით, რუსული მხარე შეეცდება დროულად დაასრულოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და უახლოეს თვეებში გააფორმოს ხელშეკრულება შვეიცარულ კომპანია SGS-სთან. ამის შემდეგ კი, კარასინის განცხადებით ხელშეკრულება ძალაში შევა.

რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ვახტანგ აბაშიძე ერთმანეთს მომავალ კვირას პრაღაში შეხვდებიან, აღნიშნული ხელშეკრულება კი საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ხელშეკრულება რუსეთთან 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობს სანაცვლოდ დადო. ხელშეკრულების საფუძველზე ნეიტრალური შვეიცარული კომპანია SGS-ის წარმომადგენლები ორი ქვეყნის სასაზღვრო პუქტებზე უნდა განთავსდნენ. რაც შეეხება წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებს, სადაც შემავალი და გამავალი ტვირთები უნდა გაკონტროლდეს, ისინი შეთანხმებაში გეოგრაფიული კოორდინატებით არის გასაზღვრული. კოორდინატთა ბადეში რუსეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის სამი წერტილი - ფსოუ, როკი და ლარსი ექცევა. ვაჭრობის ადმინისტრირება და კონტროლი საბაჟო ტერმინალებში განხორციელდება, რომლებიც სავაჭრო დერეფნების გამოსასვლეში/შესასვლელში მდებარეობს.