Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ერთი თვის ლარის კურსი ელექტროენერგიის ტარიფზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს"

59fc03c31f28d
დავით ჯალაღონია
03.11.17 09:49
774
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ერთი კონკრეტული თვის გაცვლითი კურსით არ ითვლის. ამის შესახებ მერეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ „საქმის კურსს“ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების ფაქტორზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ როგორც წესი, ვუყურებთ საშუალო კურსს და ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცით, რომ 2017 წლის განმავლობაში საშუალო კურსი იყო 2.5-ის (1 აშშ დოლარი 2.5 ლარი ღირს) დონეზე. ამის გათვალისწინებით, კონკრეტული ერთი თვის კურსი არსებით გავლენას ტარიფზე ვერ მოახდენს. ჩვენ ისევ ავიღებთ იმ კურსს, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. თუ ბიუჯეტის კანონი არ იქნა იმ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებულ კურსს ავიღებთ. რა თქმა უნდა, ლარის კურსს ტარიფზე გავლენა აქვს და ეს 2015 წელს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ცვლილება ძალიან არსებითი იყო - 1.65 ლარიდან გადავთვალეთ ტარიფი 2.4-ის დონეზე“, - განმარტა ირინა მილორავამ.

მისივე თქმით, სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე განსაკუთრებული გავლენა კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას აქვს.
„ეს არის კაპიტალტევადი საწარმოები და შესაბამისად, კაპიტალური დანახარჯების წილი ამ ტარიფში ძალიან მაღალია“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ტარიფზე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაც აისახება.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმარების ზრდას და იგი გავლენას ახდენს როგორც განაწილების ტარიფზე, ისე ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის ღირებულებაზე - როცა მოხმარება იზრდება, განაწილების ტარიფი მცირდება, მაგრამ გაზრდილი მოხმარება, ძვირიანი ელექტროენერგიის შესყიდვას ნიშნავს, ამდენად ამ კომპონენტს აქვს ორმხრივი ეფექტი“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ.

მარეგულირებელ კომისიას „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფების დასადგენად ვადა 2017 წლის 31 დეკემბრამდე აქვს. მანამდე კომისია ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების წარმოების ტარიფსაც ანგარიშობს. 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა „ინტერ-რაოს“ ელექტროსადგურების - „ხრამჰესი 1“-ისა და „ხრამჰესი 2“-ის წარმოების ტარიფებიც, რაც გაიზარდა. მანადე კი თბოსადგურების ტარიფები გახდა ცნობილი. მათი წარმოების ტარიფები შემცირდა.
„ჩვენ თბოსადგურების ტარიფები შარშან დავთვალეთ კურსზე, როცა ერთი აშშ დოლარი 2.78 ლარი ღირდა. ეს ზუსტად დეკემბრის კურსი იყო, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან თბოსადგურები ზამთრის თვეებში მუშაობენ და აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ მაღალი კურსი აგვეღო. წელს ხელახლა გადავიანგარიშეთ თბოსადგურების ტარიფი და ის მეტობა, რაც მან დააგროვა გასული პერიოდის განმავლობაში, ტარიფით უკან წამოვიღეთ და ახალი ტარიფი უკვე დადგენილია 2.5 ლარზე“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

სემეკში ელექტროენერგიის გარდა, წყალმომარაგების სამი ლიცენზიანტის სატარიფო განაცხადზეც მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და წლის ბოლომდე ახალი სამომხმარებლო ტარიფები ამ სექტორშიც გახდება ცნობილი.

„ახლა დეპარტამენტი წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების ანალიზს აკეთებს. ძალიან მალე დაიწყება სამუშაო შეხვედრები კომპანიებთან, სადაც გავივლით ყველა შეკითხვას, რომელიც ამ მუშაობის პერიოდში გამოიკვეთება და ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ სატარიფო განხილვებს საჯარო სხდომებზე“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საყოფაცხოვრებო სექტორში საფეხურებრივი ტარიფი მოქმედებს. დღევანდელი მოცემულობით, „თელასის“ აბონენტები 0-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, ყოველ კილოვატზე 12.98 თეთრს იხდიან, 101-დან 301-ის ჩათვლით - 16.992 თეთრს, 301 კვტ.სთ-დან კი 21.476 თეთრს. რაც შეეხება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, 0-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ისინი 12.954 თეთრს იხდიან, 101-დან 301-ის ჩათვლით - 16.931 თეთრს, 301 კვტ.სთ-დან კი 21.450 თეთრს.