Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სადაზღვევო სექტორისთვის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის გადავადება სამწუხარო გადაწყვეტილებაა"

5a8d78958ef19
მარი როჭიკაშვილი
21.02.18 17:45
1150
საფინანსო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლის 2023 წლამდე გადავადებას სამწუხარო გადაწყვეტილებას უწოდებს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.

ასოციაციის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობას სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან კომინიკაცია ექნება, სადაც დარგი საკუთარ არგუმენტებს წარუდგენს, თუ რატომ უნდა გავრცელდეს მათზე ესტონური მოდელი.

“უნდა ავუხსნათ, რომ საფინანსო სექტორი არ არის ჰომოგენური, რომ ჩვენ სექტორს ძალიან სჭირდება მოგების რეინვესტიცია. სექტორი კვლავ სოციალურ მნიშვნელობას იძენს და საჭიროა განსაკუთრებული ფინანსები. მარტივად რომ ვთქვათ, მარტო მინიმალური სავალდებულო კაპიტალის მოცულობა სამმაგდება 2020 წლამდე. ასევე ინერგება სპეციალური ინსტრუმენტები რომელიც მაღალ დონეზე უზრუნველყოფს გადახდის უნარიანობას. ყველა ეს სიახლე დაკავშირებულია კაპიტალთან. ასე რომ ძალიან გვჭირდება მოგების გადასახადის ის რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ არ ვრცელდება ჩვენზე”, – აღნიშნა სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ.

ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორის მოგება 15 მილიონ ლარამდეა, რაც ძალიან მცირე თანხაა და ფისკალურ ტვირთად არ დააწვება ბიუჯეტს. ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას სადაზღვევო სფეროს საბანკო სექტორისგან გამიჯვნას სთხოვს.

“ბანკების ამბავში ვართ მოყოლილი. მათ მოგების გადასახადი დიდი აქვთ და მთავრობას უჭირს ამაზე უარის თქმა. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს ბევრს იღებს საკუთარ თავზე, მაგალითად საპენსიო რეფორმა, მცირე მეწარმეთა გადასახადების შემცირებები. მესმის რომ ეს ტვირთია, მაგრამ ჩვენ და ბანკები არ ვართ ერთი წონის. ამიტომ გვინდა რომ მივაწოდოთ ჩვენი არგუმენტები და მოგვიდგნენ სხვანაირად.”–ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საფინანსო სექტორი გადასახადების ესტონური მოდელით 2023 წლიდან ისარგებლებს, ნაცვლად დაგეგმილი 2019 წლის. გადასახადების ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა.