Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სად მოხდება მოსახლეობის მიერ დაგროვილი პენსიის ინვესტირება

59f860d593e32
სალომე მეცხვარიშვილი
31.10.17 15:33
941
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირები ყოველთვიურად თანხას საპენსიო სააგენტოში შეიტანენ. კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განსაზღრება შემდეგნაირად: ხელფასის 2 %-ს გადაიხდის დამსაქმებელი, ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს შეიტანს თითოეული დასაქმებული; რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი შეიტანენ თავიანთი ხელფასის 4%-ს. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

თანხის შეტანის შემდეგ საპენსიო სააგენტო თანხის ინვესტირებას სხვადასხვა მიმართულებით მოახდენს, რაც ბენეფიციარს სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გამართეს.
ირკვევა, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ინვესტირება, შესაძლოა, მოხდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდები, საბანკო დეპოზიტები. აღსანიშნავია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში ინვესტირება მხოლოდ ქვეყნის შიგნით განხორციელდება.

"პირველ 5 წელიწადში აქტივები განთავსდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, რადგან თანხები მცირეა და ამ მცირე თანხების გათვალისწინებით უცხოეთში, ზოგიერთ ქვეყანაში, განთავსება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სავალუტო რისკებთან. პირველ 5 წელიწადში, სანამ ფონდი და გამოცდილება დაგროვდება, ეს იქნება ქვეყნის შიგნით ინვესტირება, 5 წლის შემდეგ მოხდება ქვეყნის გარეთ. თუმცა, კანონპროექტში წერია, რომ პორტფელი უნდა იყოს დივერსიფიცირებული, რომ დააბალანსოს რისკები",- აცხადებს ნინო ჯავახაძე.

ამასთან, მისი თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სამი სხვადასხვა რისკიანობის პორტფელს, მცირერისკიანიდან- მაღალრისკიანამდე. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის განმარტებით კი, დაბალრისკიან ინვესტიციას ექნება დაბალი შემოსავალი, მაღალრისკიანს კი მაღალი.

"საპენსიო ფონდი კონკრეტული შემოსავლიანობიდან გამომდინარე განსაზღვრავს რამდენი შეუძლია გაიტანოს ქვეყნის გარეთ, თუმცა, კანონში არის ჩადებული ლიმიტები. მაგალითად, დაბალრისკიანობის შემთხვევაში შეუძლია, მაქსიმუმ 20% გაიტანოს, მაღალრისკიანობის შემთხვევაში - 60%",- აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

მთავრობა ვარაუდობს, რომ პირველ ეტაპზე საპენსიო სააგენტოში შენატანების მოცულობა 400 მილიონი ლარი იქნება. აღნიშნული თანხა პირველი 5 წლის განმავლობაში სრულად ქვეყნის შიგნით განთავსდება. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს გადანაწილდება ყველა როგორც სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, ასევე საბანკო დეპოზიტებში და მსგავს საფინანსო ინსტრუმენტებში. თუმცა, გარკვეული ლიმიტები დაწესდება სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მიმართულებით.