18.Feb .2021 11:51

„სიზარმაცე არ არის დაავადება, რომელიც ინკურნება“ - ნინო ნიბლაძე ქალების ნარატივში

Back

„თუ ბავშვს ეუბნებიან რომ ზარმაცია, ისე იღებს ამას, რომ არც კი შიფრავს“ - Wapp-ვისბადენის აკადემიის მსოფლიო ასოციაციის წევრი, გეშტალტპრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, სგა-ს წევრი ნინო ნიბლაძე „ქალების ნარატივში“

 

-მიუხედავად თქვენი მსუყე გამოცდილებისა ფსიქოლოგიაში თქვენი პირველადი პროფესიული არჩევანი არის მედიცინა…

-ვარ რეანიმატოლოგი, ქირურგი. აღვნიშნავ, რომ პროფესიის მედიცინასთან დაკავშირების გადაწყვეტილებაზე ბავშვობის დროინდელმა ტრავმამ იმოქმედა.

 

-ქირურგიაში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები, რა არის ამის მიზეზი?

 

-ფიზიკურად და მორალურად, ყველანაირად მძიმეა. ჩემთვის ძირეული მოტივი იყო უკიდურესობასთან შეჭიდება. 

 

-გადავიდეთ სიზარმაცის თემატიკაზე, საინტერესოა, როგორ უნდა ვმართოთ ის? 

-სიზარმაცე არ არის განკურნებადი დაავადება. პროკრასტინაცია, გადავადების მომენტი თითქმის ყველას გვახასიათებს. დაძლევის გზები არსებობს, თუმცა გააჩნია რას ვუწოდებთ სიზარმაცეს. ზოგადად, ის ბავშვობის დროიდან ჩნდება. როცა ბავშვი იწყებს აქტიურობას, 2-2.5 წლიდან, ამ ასაკს ჰქვია „მე თვითონ“, უნდა რაღაცები თავად გააკეთოს, მშობელი კი არ აძლევს ამის უფლებას. ეს შეზღუდვები პირველად მაშინ ჩნდება ბავშვთან, თანაც ის მოტივირებულია შექებაზე, არ უნდა მარცხი. ფიქრობენ გამოუვათ, თუ არა, თანაც ესმით ფრაზები „მომეცი, შენ არ იცი, მე გაგიკეთებ“. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში ბავშვებს ეუბნებიან „შენ ზარმაცი ხარ“. ძალიან ხშირად ჩემი კლიენტი ახსენებს რომ არის ზარმაცი. შემდეგ როცა ეკითხები როგორ დაახასიათებდა მშობელი, ოჯახის წევრი. აღმოჩნდება, რომ ის იმას იმეორებს, რაც მას „მიაკრეს“.   

 

-კარიერული ზრდის გარდა, სიზარმაცე ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც საგულისხმოა...

-მედიცინის ჭრილში რომ განვიხილოთ, აქტიურობას განსაზღვრავს სიმპატიკური ნერვიული სისტემა, პასიურ მდგომარეობას კი პარასიმპატიკური. როდესაც პარასიმპატიკური აქტიურია, კუნთები მოსვენებულ მდგომარეობაშია, ხოლო ფანტაზია, ტვინი, გონება, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, კუჭ-ნაწლავი აქტიურია. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ პასიური ადამიანი არაფერს აკეთებს. სიზარმაცეში აქტივობის ნაკლებობა მოიაზრება და ამას გარემო აფასებს. 

გერმანელი გენერალმა ამ მიმართულებით ჯარისკაცები 4 ნაწილად დაყო:

ჭკვიანი აქტიურები - საქმეს აკეთებენ იდეალურად;

უჭკუო არააქტიურები - არაფერს აფუჭებენ;

აქტიური უჭკუო - საშიში, მავნე, ბევრ საქმეს ედებიან;

ჭკვიანი და ზარმაცი - იდეალური ხელმძღვანელები, შეუძლიათ მართვა, აქვთ გეგმები, ფანტაზიები და სხვას ასრულებინებენ;

ნაცარქექიაც ხომ გავიხსენოთ, რომ დასჭირდა, მან გამოსავალი კარგად იპოვა.

 

-სიზარმაცე, როგორც მოტივაციური მდგომარეობა თუ სიზარმაცე როგორც პიროვნული მახასიათებელი, რომელი უფრო ხშირია?  

 

-აქტივობისთვის აუცილებელია მოტივი. თუ არაა ვექტორი, უბრალოდ არ იცის რა აკეთოს, ეს არ ნიშნავს რომ ზარმაცია. როდესაც ადამიანი რაღაც მიზანს მიაღწევს, შეიძლება გაჩერდეს. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც შეიძლება თანატოლებს უსწრებდნენ, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ შეიძლება გაჩერდნენ. მას ჰქონდა მიზანი ან ესმოდა, რომ უნდა გახდეს სტუდენტი, ამას მიაღწია და ჩათვალა, რომ მისია შეასრულა. ახალი მისიისთვის კი შეიძლება ფონის შეცვლა დასჭირდეს, საერთოდ სხვა გეზი აიღოს. 

რაც შეეხება, სიზარმაცეს, როგორც ხასიათის შტრიხს, ფსიქოლოგია ასე მაინც არ უყურებს. საგულისხმოა, ისევ და ისეც ბავშვობაში მოსმენილი ფრაზები, რაც გონებაში ილექება. ხშირად ბავშვს ეუბნებიან, რომ რაღაც უნდა აკეთოს, მშობელი არის ძალიან მოტივირებული, ვერ ჩერდება, აქვს გეგმა და იმავე ტემპში ამუშავებს ბავშვს. არადა, ბავშვს სჭირდება პაუზაც, თავისუფალი დრო. პაუზა - სიცარიელე არის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს, თითქოს გარემო ქრება და რჩები. ჰარმონიამდე მნიშვნელოვანია თავის შეცნობა.

 

-თქვენ თავად ხართ საკუთარ თავთან ჰარმონიულად?

-დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოსმენა. შვილებისთვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოსმენა. ვეკითხები მათ აზრს, ვითვალისწინებ მათ აზრებს. არ ვახვევთ თავს ჩვენს დამოკიდებულებებს.  შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ, შვედური მაგიდასავით უნდა გაუშალო და მათ უნდა ჰქონდეთ დაგემოვნების და არჩევანის უფლება. 

 

-„ქართველები ერი ზარმაცია“ ეს ხშირად გვესმის. აქვს ამას ლოგიკური ახსნა?

-ქართველი ერი, კოლექტიური არაცნობიერით თუ ვიმსჯელებთ, მებრძოლი ერია. იყო სულ მობილიზებული. შეიძლება ითქვას, აწმყოში გადავედით პასიურ, ენერგიის დამზოგველ მდგომარეობაში. სამაგიეროდ, ამ დროს გონება მუშაობს. 

 

-ფრაზებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? რა ზღვარი უნდა დავიცვათ? 

-ჩვენი მიდგომა შემფასებლური არ უნდა იყოს. თუ შევაფასებთ, ეს მიმართული უნდა იყოს ქცევაზე და არა პიროვნებაზე. „მე არ მომწონს შენი საქციელი“ და „მე შენ არ მომწონხარ“ იგივე არაა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფრაზებს რაც ბავშვს ესმის, თუ მას ეუბნებიან რომ ზარმაცია, ისე იღებს ამას, რომ არც კი შიფრავს და შემდეგ შეიძლება მანიპულაციისთვის გამოიყენოს - „მე ზარმაცი ვარ, რატომ მთხოვ“ პრინციპით. 

ერთხელ ჩემმა შვილმა, როცა პატარა იყო მითხრა - „რატომ მექცევით როგორც პატარას, სულს ხომ ასაკი არ აქვსო“, შემდეგ კი, როცა როგორც დიდის მოვთხოვო, მითხრა რომ პატარა იყო, რომ გავახსენე მისი დამოკიდებულება აღნიშნა, რომ პატარა მაშინაა, როცა პასუხისმგებლობის აღება არ უნდა.

მაგალითად, როცა სადმე წასვლა არ გინდა, თუ სვამ კითხვას „რა მაკავებს?“, შეიძლება საქმე კონკრეტულ პიროვნებასთან შეხვედრის თავიდან არიდებას უკავშირდებოდეს. 

ერთ-ერთი მიზეზია ის მომენტიც, რომ აზრით ვასწრებთ, გონებაში გავივლით და აღარ არის საინტერესო. შეიძლევა მივამსგავსოთ მსგავს სიტუაციას, რომელიც დიდად არ გვხიბლავს. თუ ტვინისთვის გაუგებარია მოტივი, არ ესმის რატომ უნდა გააკეთოს, ირჩევს თავისთვის სასიამოვნოს და მარტივს.   

აღსანიშნავია, რომ როცა ძალიან მიჩვეულია ბავშვობიდან მუდმივ აქტიურობას, მერე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა უჭირს, ამიტომ ხან ფეხს ათამაშებს, ხან რაღაცას ღეჭავს. ამ დროს გადაწვის საწინააღმდეგოდ, სიზარმაცე დამხმარედ გვევლინება.

 

-რას ნიშნავს Wapp-ვისბადენის აკადემიიის მსოფლიო ასოციაციის წევრობა, რას გულისხმობს ეს ასოციაცია?

-ეს არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაცია. მე ვარ პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი. ამ ტერმინში ეს არ ნიშნავს დადებითს, „პოზიტუმ“ ნიშნავს არსებულს, რეალურს. სიმპტომი რაც ჩანს, მაგალითად, ადამიანი ლოთობს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ეს მავნე ჩვევა მოსპონ. პოზიტიური ფსიქოთერაპია ასე უდგება, რომ ეს არის სიმპტომი, რომელიც რაღაცა შინაგან კონფლიქტზე აღმოცენდება. ამ სიმპტომს იყენებს ადამიანი. ამით რეალობას გაურბის. 

 

-როგორი იქნება 2021?

-მგონია,იქნება გადაფასებები, რადგან პაუზა ბევრის მთქმელია.





სტუმარი: ნინო ნიბლაძე - Wapp-ვისბადენის აკადემიის მსოფლიო ასოციაციის წევრი, გეშტალტპრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, სგა-ს წევრი