Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Starlink საქართველოში შემოდის - ვისი კონკურენტი იქნება ილონ მასკი?

BM.GE
27.06.22 11:24
349
SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს - ეს ინფორმაცია გასულ კვირას საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა.

რა არის "სტარლინკი"? მილიარდერი ბიზნესმენის ილონ მასკის პროექტია, რომელსაც მისივე დაფუძნებული კომპანია "სფეის იქსი" ახორციელებს. სტარლინკის მიზანი მაღალსიჩქარიანი და იაფი ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის დაფარვაა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ინტერნეტი კონტროლდება, სტარლინკი ინტერნეტის ბარიერების გარეშე მიწოდებას გვპირდება. შედეგად, კომპანია აცხადებს, რომ სულ მალე ისეთ ქვეყნებშიც იქნება წარმოდგილი, როგორიცაა: ავღანეთი, ბელარუსი, კუბა, ჩინეთი, ირანი, ჩრდდილოეთ კორეა. 

სტარლინკის ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო არანაირი მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მომწყობილობა. შედეგად - იქნებით მწვერვალზე თუ შუა ზღვაში - ყველგან შეგეძლებათ გქონდეთ ინტერნეტი. 

ინტერნეტი საზღვრების გარეშე - ამის მიღწევა კი ილონ მასკს თანამგზავრული სისტემებით სურს. ამისთვის SpaceX დედამიწის ორბიტაზე ათობით ათას თანამგზავრს უშვებს. Starlink-ი სფეის იქსის რაკეტა “ფალკონ 9-ს” იყენებს დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრთა უზარმაზარი სისტემის მოსაწყობად, სადაც ისინი ერთმანეთს უერთდებიან და ასე უზრუნველყოფენ ინტერნეტს. 

რა ხდება ამ დროს მიწაზე? მომხმარებლები თანამგზავრებს სახლში დამონტაჟებული პატარა თანამგზავრული მიმღებით უკავშირდებიან. ამ თანამგზავრული ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან, სადაც ცისკენ ხედი ღიაა. სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. 

სპეციალური მოწყობილობა საცალო მომხმარებლებისთვის 600 დოლარამდე ღირს, ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი კი 110 დოლარია, რაც შეეხება ბიზნესს, სპეციალური მოწყობილობა 2 500 დოლარი ჯდება, რაც ერთჯერადი ხარჯია, ყოველთვიური გადასახადი ბიზნესებისთვის კი 500 დოლარია.

კომპანიამა "სფეის იქსმა" მაისის ბოლოს განაცხადა, რომ მსოფლიოს გარშემო უკვე 400 ათასი გამომწერი ჰყავს. ფაქტია “სტარლინკის” მომხმარებელთა რიცხვი სწრაფად იზრდება, რადგან მარტში მათი კლიენტების რიცხვი 250 ათასი იყო. სტარლინკი ჯერ ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის, ამ დროისთვის 36 სახელმწიფოს ფარავს. კომპანია შემდეგი წლისთვის აპირებს ისეთი რეგიონები დაფაროს, როგორებიცაა აფრიკა, შუა აღმოსავლეთი, აზია. 

სტარლინკის ინტერნეტი უკრაინაში უკვე მოქმედებს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყებიდან მეოთხე დღესვე, ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ "Starlink-ის მომსახურება უკრაინაში აქტიურია. მეტი ტერმინალი კი გზაშია”. უკვე ივნისის დასაწყიში მილიარდემა ბიზნესმენმა თქვა, რომ უკრაინაში 15 ათასი მიმღები მოწყობილობა გაგზავნა. თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება უკრაინისთვის ომში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც დიდი იყო საფრთხე, რომ რუსებს ინტერნეტის ანძები და ინფრასტრუქტურა გაენადგრებინათ და უკრაინას დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირი შეეწყვიტა, ახლა კი ამის საფრთხე აღარ არსებობს. 

რაც შეეხება საქართველოს. როგორც თავში გითხარით, სტარლინკი საქართველოშიც იქოქება. გასულ კვირას კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს.

რამდენად ახლოსაა საქართველოსთვის სტარლინკის პერსპექტივა და რას შეცვლის ის ბაზარზე და ვის გაუწევს კონკურენციას?


სტუმარი: უჩა სეთური - მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი