Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ღირს ახალი წლის გატარება საქართველოს სასტუმროებში

5a2fe7b6d7137
სალომე მეცხვარიშვილი
17.12.17 10:00
1016
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სასტუმროები საქართველოში აქტიურდებიან და მომხმარებელს საახალწლო საღამოს გატარებას სთავაზობენ.

საქმის კურსი დაინტერესდა, როგორია საქართველოში მოქმედი სასტუმროების შეთავაზებები და რამდენიმე სასტუმროს დაუკავშირდა.

კახეთში, Lopota Resorts-ში ახალი წლის გატარება 2 ადამიანს 590$ დაუჯდება. ამავე ფასში სასტუმრო მომხმარებელს გალა ვახშამს და სუხიშვილებისა და ქართული ხმების კონცერტს შესთავაზებს, გვიან კი DJ დაუკრავს.

სპეციალური შეთავაზება აქვს სასტუმრო Biltmor-ს თბილისში. 31 დეკემბერს ერთდროულად ორი ღონისძიება გაიმართება 30-ე სართულზე და ღონისძიებების დარბაზში.
30-ე სართულზე გამართულ ღონისძიებაზე გამომსვლელები იქნებიან: სალომე ყორღანაშვილი, გიგი პაპასკირი და The Five. ბილეთის ფასი 300 ლარია, ღირებულებაში შედის ღვინო და წასახემსებლები. რაც შეეხება Ball Room-ს სადაც ნინო ქათამაძისა და ჯგუფი „ინსაითის“ კონცერტი უნდა გაიმართოს, ბილეთის ღირებულება 400 ლარია. ფასში შედის ქართული კერძების სუფრა და ღვინო ულიმიტოდ.

რაც შეეხება ოთახის ღირებულებას, ამ დღეებში 2 პერსონისთვის „ბილტმორში“ დარჩენა 240$ ეღირება დღგ-ის გარეშე.

რაც შეეხება აჭარას და Hilton Batumi-ს, როგორც საქმის კურსს სასტუმროში განუცხადეს, ადგილზე 2 ღონისძიება გაიმართება. ერთ-ერთი მათგანი მე-20 სართულზე ლაუნჯ-ბარში ჩატარდება და ბილეთის ღირებულება 75 ლარი იქნება ერთი ადამიანისთვის.

მეორე ღონისძიება გაიმართება პირველ სართულზე, რესტორანში და ღირებულება 130 ლარი იქნება ერთი ადამიანისთვის. სასტუმროში დარჩენა ახალი წლის დღეებში ორი ადამიანისთვის 490$ ეღირება. ღირებულებაში შედის საუზმე.

სპეციალური შეთავაზებები აქვს მომხმარებლისთვის Rixos Borjomi-ს. სასტუმროში საქმის კურსს განუცხადეს, რომ ორიენტირებული ძირითადად უცხოურ ბაზრებზე არიან და ქართულ სივრცეში სარეკლამო აქტივობები არც განუხორციელებიათ. სასტუმრო მომხმარებლებს დავით არჩვაძისა და ქართული ნაციონალური ცეკვების ანსამბლის კონცერტს შესთავაზებს. ახალი წლის ღამის გატარება სასტუმროში 290$ ეღირება ერთი ადამიანისთვის. ფასში შედის გალა ვახშამი და ღონისძიებებზე დასწრება. ამ პერიოდში სასტუმროში დარჩენა კი გალა ვახშმისგან დამოუკიდებლად 220$ ეღირება.