Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია "საქართველოს რკინიგზის" გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმიანება

599c0b92614cf
BM.GE
22.08.17 14:45
848
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს მისი წევრი კომპანიის ს.ს. საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რაც გამოიხატება კომპანიის თანამშრომლისა და პროფკავშირების წარმომადგენლების მხრიდან შიმშილობის დაწყებასა და კომპანიის მიმართ სხვადასხვა, მათ შორის არასამართლებრივი მოთხოვნების წაყენებაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც ამავდროულად აქტიურადაა ჩართული სოციალური პარტნიორობის სამმხრივ დიალოგში და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის განვითარებაში, უკიდურესად ნეგატიურად აფასებს სს საქართველოს რკინიგზის მიმართ ცალკეული მოთხოვნებისა თუ პრეტენზიების წაყენების ისეთ ფორმებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში შერჩეულ იქნა რკინიგზის ერთი თანამშრომლისა და პროფესიული კავშირის წარმომადგენელთა მიერ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სს საქართველოს რკინიგზამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები დიალოგისათვის, მისი ქმედებები სრულად შეესაბამება მოქმედ შრომით კანონმდებლობას და მეტიც - სპეციალური მედიატურის მეშვეობით, კომპანიამ საზოგადოებას მისცა საშუალება დეტალურად გასცნობოდა იმ პირობებს, გარემოს, სადაც მის თანამშრომლებს მოუწევთ მუშაობა.

თანამედროვე, მუდმივად მზარდ და ცვალებად ეკონომიკურ რეალობაში, არათუ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიც საქართელოს რკინიგზაა, ბევრად მცირე მასშტაბის ბიზნესებსაც კი თავისი საქმიანობის პროცესში ხშირად უწევთ გარკვეული რეორგანიზაციების განხორციელება, რასაც თან სდევს თანამშრომელთა სამუშაო ადგილების ცვლა და ზოგჯერ, სამწუხაროდ შემცირებებიც კი. ვფიქრობთ საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს რკინიგზა რეორგანიზაციის პროცესშიც კი ახერხებს თავიდან აიცილოს რადიკალური ზომები და მაქსიმალურად უნარჩუნებს მის დასაქმებულებს სამუშაო ადგილებს.

თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რასაც რკინიგზა ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებსა და იმ თანამოქალაქეთა რაოდენობას, რომელთათვისაც ეს კომპანია ქმნის მუდმივ სამუშაო ადგილებს, ჩვენთვის ორმაგად გაუგებარი და მიუღებელია კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი რადიკალური მეთოდებით გამოსვლა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების განვითარების, შრომითი უფლებებისა თუ შრომის პირობების გაუმჯობესების ერთადერთ უალტერნატივო გზად, სოციალური დიალოგის მონაწილეებს სწორედ კონსტრუქციული დიალოგი გვაქვს შერჩეული, ვფიქრობთ, რომ ამ გზიდან ნებისმიერი რადიკალური გადახვევა, მათ შორის საკითხების პოლიტიზირება, მხოლოდ დააზიანებს პროცესს.

მიგვაჩნია რა, რომ შრომითი ურთიერთობები, დასაქმებულთა შრომითი პირობები, მათი მუდმივი, მდგრადი და ეტაპობრივი გაუმჯობესება მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის საგანი და პროდუქტი შეიძლება იყოს, მოვუწოდებთ პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, უთანხმოებების მოსაგვარებლად გამოიყენონ მხოლოდ სამართლებრივი გზები და დიალოგის ფორმატი“,- ნათქვამია განცხადებაში.