Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

5a45fe296aebd
BM.GE
29.12.17 12:26
655
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვია და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები - რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი.

„საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში სტუმრობისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგება და მისი სისტემა ყოფილიყო მდგრადი და ასევე გაზრდილიყო სატრანზიტო ფუნქციები.
„შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე, რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია.

სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურებას, ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე. გადამცემი ქსელის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 7 რეგიონული ფილიალი (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა-გურია-სამეგრელო, აფხაზეთი).

კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს, ხოლო გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომელიც მდებარეობს სსე-ს სათავო ოფისში, ბარათაშვილის ქ. 2. სადისპეტჩერო ცენტრში დამონტაჟებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში.

ენერგეტიკული სისტემის ოპერატიული მართვა ხორციელდება SCADA-ს სისტემით.

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.