Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თოჯინები საზღვრების გარეშე - ფერადი ბიზნესი - ნანა ყაულაშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
31.03.21 11:54
378

თოჯინები თავიანთი ისტორიით - "პერსონაჟებზე პატარ-პატარა ისტორიების წერა დავიწყე" - მეთოჯინე ნანა ყაულაშვილი „ქალების ნარატივში“

 

-შეიძლება მეთოჯინეობა მომგებიან ბიზნესად ჩაითვალოს?

-პანდემიის პირობებში - ვერ; სხვა დროს კი, მაგრამ შემოსავალი მაინც არაა სტაბილური. ასევე აღვნიშნავ, რომ მყავს მოსწავლეები, ახლა ონლაინ ვასწავლი.

 

-როდის გადაწყვიტეთ მეთოჯინეობა?

-პირველი სათამაშო შვილს შევუკერე, ეს იყო 90-იან წლებში. იმდენად დამაინტერესა, რომ დავიწყე სათამაშოების კერვა. შემდეგ, ამ მხრივ, ტექნიკა დავხვეწე. დაახლოებით 10 წლის წინ კი ვნახე ერთ-ერთი მეთოჯინის ნამუშევარი. წავიკითხე, რომ ხელით იყო გაკეთებული. მაშინ გადავწყვიტე ამ მიმართულებით მუშაობა. ამ ეტაპზე, სახელოსნო არ მაქვს. ყველაფერს სახლში ვაკეთებ.

 

-როგორც ვიცი, თქვენი თოჯინები გასული საუკუნეების ზღაპრულ პერსონაჟებს ჰგვანან...

-ძირითადად ასეა, ახლა რაზეც ვმუშაობ, წინასწარ ჩანს, რომ ის პერსონაჟი ქართველი უნდა იყოს.

 

-საკუთარ თავს თუ გამოხატავთ პერსონაჟებში?

-ეს, ალბათ, თავისთავად ხდება. თოჯინის დამზადების მომენტში რასაც განვიცდი, მათ გამომეტყველებაზე აისახება.

 

-ვისაუბროთ თქვენს მუსიკალურ კარიერაზეც...

-სტუდენტობის პერიოდიდან იწყება ეს, მეგობრებში ვმღეროდი. ძირითადად, ჩემთვის ვმღერი, როცა მარტო ვარ. თუმცა მიხარია, რომ პუბლიკასაც წარვუდგინე. მომეწონა გადაცემა „აკუსტიკა“ და სწორედ ამიტომ გავბედე იქ გამოსვლა.

 

-პროფესიით ექიმი-ოფთალმოლოგი ხართ; მედიცინას და ხელოვნებას როგორ ათავსებდით?

-თავიდან, არც თუ ისე ძნელად. როდესაც უკვე მეთოჯინეობა დავიწყე და მოსწავლეებიც ავიყვანე, ვიყავი გადარბენაზე. თავიდან, სამსახურში 3 დღე დავიტოვე. გარკვეულწილად, პანდემიამაც განაპირობა, რომ ამას თავი დავანებე. საფიქრალი დრო ბევრი მქონდა, რაღაც პერიოდი კლინიკაში ვერ ვიარე და მივხვდი, რომ შემიძლია ექიმობის გარეშე გავძლო, მაგრამ ხელოვნების გარეშე ვერ. სხვადასხვა მიმართულება გამომიცდია, მათ შორის, სამკაულების დამზადების ხაზი.

 

 -სამომავლოდ, რას უნდა ველოდოთ თქვენგან?

-დავიწყე პერსონაჟებზე პატარ-პატარა ისტორიების წერა. ბოლო ოთხ თოჯინას უკვე აქვს ისტორია. ამ წერა-წერაში ჩანახატებზე მუშაობაც დავიწყე, შეიძლება ამან წიგნის ან ალბომის სახეც მიიღოს. ეს არ იქნება საბავშვო წიგნი, არამედ ბავშვზე მოზრდილთათვის.

 






სტუმარი: ნანა ყაულაშვილი - ექიმი-ოფთალმოლოგი, მეთოჯინე