Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომუნიკაციების კომისიაში TI-ის დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებენ

5a73158fdfd9e
თამუნა დემეტრაშვილი
01.02.18 17:23
713
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დასკვნას არაკვალიფიციურად მიიჩნევენ და კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. ამის შესახებ bm.ge-ს მარეგულირებელ კომისიაში განუცხადეს. საუბარია კომისიის მიერ გამოცხადებულ 267 857 ათას ლარის ღირებულების ტენდერზე, რომლის საფუძველზეც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის სისტემა უნდა შეისყიდონ. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მარეგულირებელმა ტენდერის პირობები კონკრეტულ მიმწოდებელს მოარგო, იმ მიზნით, რომ ტენდერში გამარჯვებულად სწორედ ის კომპანია დასახელდეს.

"კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება უხეშად არღვევს საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპებს და შეიცავს დანაშაულის შესაძლო ნიშნებს. აღნიშნული ტენდერი უნდა შეჩერდეს და შესაბამისმა ორგანოებმა დაიწყონ შესაძლო დანაშაულის მოკვლევა", - აღნიშულია TI-ის განცხადებაში.

კომისიამ ხარისხის მონიტორინგის სისტემის შესაძენად ტენდერი 2017 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა, საბუთების მიღება კი მიმდინარე წლის 25 იანვარს დასრულდა. ტენდერში განაცხადი ერთმა კომპანიამ - Visualware, Inc შეიტანა.

"ხელშეკრულების პროექტის შესწავლის საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული ტენდერი მორგებულია კომპანიაზე - Visualware, Inc. ამ ეჭვს არა მხოლოდ ის აჩენს, რომ ტენდერის პირობები ძალიან დაკონკრეტებული იყო, არამედ ისიც, რომ ხელშეკრულების პროექტის ტექსტში პირდაპირ მითითებულია ტენდერში მონაწილე კომპანიის, Visualware, Inc-ის მაიდენტიფიცერებადი ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ტენდერის სასწრაფოდ შეჩერებას, პროკურატურისაგან კი გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

რაც შეეხება თავად კომისიაში მიმდინარე სატენდერო პროცესს, ჯერჯერობით Visualware, Inc გამარჯვებულად არ დასახელებულა, მარეგულირებელში კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას სწავლობენ.