Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელსაც ევროკავშირი ძალიან დადებითად ხვდება"

5a7aa6dfa91a9
თელარა გელანტია
07.02.18 11:11
661
„გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელსაც ევროკავშირი ძალიან დადებითად ხვდება“, - პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხდებით, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოსთვის დასახული სამოქმედო გეგმის ყველა მიმართულებაში პოზიტიური შედეგი გვაქვს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შედეგები შეაფასა.

“მინდა, მოკლედ გითხრათ ბრიუსელში ჩვენი ვიზიტის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ წელიწადში ერთხელ ჩვენ გვაქვს ასოცირების საბჭო ბრიუსელში, სადაც ვიხილავთ სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგებს. საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განსახორციელებელ რეფორმებს, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგებს, ვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის გადადგმულ და განსახორციელებელ ნაბიჯებს, ასევე უსაფრთხოების სისტემას რეგიონში.

გვქონდა ძალიან ხანგრძლივი, საგნობრივი განხილვა. ევროკაშირის შეფასებით, ყველა მიმართულებით, რაც გვქონდა დასახული სამოქმედო გეგმის სახით, გვაქვს პოზიტიური შედეგი - ეს არის ევროკავშირის შეფასება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიყვება იმ გეგმას, რომელიც საქართველოში საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მოიტანს გაცილებით უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტს, მეტ ინტერაქციას ევროპასთან და მოიტანს უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა სამომავლო გეგმები, რომელიც ძალიან ამბიციურია.

“ჩვენ დავსახეთ ასევე სამომავლო გეგმები, რომელიც მნიშვნელოვნად ცდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ გეგმებს, არის გაცილებით ამბიციური და ამასაც ევროკავშირი ძალიან დადებითად ხვდება, რომ ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ამბიციურ დატვირთულ გეგმას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.