Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირანული ინვესტიციით წებოებისა და საღებავების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

5a58ac94c2d82
თელარა გელანტია
12.01.18 16:38
825
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საწარმო, შპს „ჯეოჩემ“ გაიხსნება.
როგორც „საქმის კურსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 11 იანვრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ჯეოჩემს“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქ. #33-ში მდებარე 4 022 კვ.მ უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა.

საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ადგილზე წებოებისა და საღებავების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება.

„სააგენტოში არსებული ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლების დახმარებით, კომპანია საქართველოს ბაზარს 6 თვის განმავლობაში იკვლევდა და მომზადდა ვრცელი ბიზნესგეგმაც, რომლის თანახმადაც შპს „ჯეოჩემი“ ვალდებულია 2 445 168 ლარის ინვესტიცია განახორციელოს, თუმცა კომპანიიის სამომავლო გეგმებში, ჯამურად, 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება შედის. საწარმო, სადაც 40-მდე ადამიანი დასაქმდება, ორიენტირებულია ექსპორტზე და აპირებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის ბაზარზე განახორციელოს“, - აცხადებენ ქუმსიშვილის უწყებაში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯეოჩემ“ 2017 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მასუდ შაჰჰოსეინდასთჯერდი არის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 323 პროექტი, ინვესტიციის ჯამრი მოცულობა 786 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.