03.Feb .2021 11:42

“წარმოუდგენელია ვინმეს ამ პირობებში საქართველოში ჩამოსვლა მოუნდეს“ - “Go Tour”-ის დირექტორი ნინო წიკლაური „ქალების ნარატივში“

Back

წარმოუდგენელია ვინმეს ამ პირობებში საქართველოში ჩამოსვლა მოუნდეს“ - “Go Tour”-ის დირექტორი ნინო წიკლაური „ქალების ნარატივში“

 

-თებერვლიდან ავიარეისები აღდგენა შეიძლება თქვენს სექტორს რაიმე კუთხით დაეხმაროს?

-სავარაუდოდ ვერ დაეხმარება. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში კვლავ დაკეტილია კვების ობიექტები. ასევე გვაქვს ტრანსპორტის რეგულაციებიც, მუზეუმები დაკეტილია, ღირსშესანიშნაობების მონახულების თვალსაზრისითაც შეზღუდულები ვართ. წარმოუდგენელია, რომ ვინმეს მოუნდეს ამ პირობებში ჩამოსვლა. 

გაყვანის თვალსაზრისით, ტურისტულად არ ვართ ღია, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ამ რამდენიმე ქვეყანაზე არის მოთხოვნა. იგულისხმება, დუბაი, მალდივები, ზანზიბარი.  

 

-თავად გიყვართ მოგზაურობა?

-როდესაც ვცეკვავდი, გასტროლებზე მიწევდა ხოლმე წასვლა და ალბათ, ამანაც განაპირობა რომ ჩემი ცხოვრება პროფესიულადაც ამ სფეროს დავუკავშირე, მიუხედავად იმისა, რომ განათლებით ეკონომისტი ვარ.

 

-მთავრობას უკვე უნდა ჰქონდეს ტურისტების მიღების გაიდლაინები გაწერილი?  

-ნამდვილად, უნდა ჰქონდეს. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან გვაქვს ინფორმაციები, როდის, რა პირობებით, როგორ შეიძლება მათ ქვეყანაში მოგზაურობა. იმედია, ჩვენიც მალე გვეცოდინება. 

 

-პანდემიის ფონზე, რამდენად შეძელით თანამშრომლების შენარჩუნება?

-ნაწილობრივ, მე პირადად 5 ოპერატორი მყავდა და აქედან ნაწილი წავიდა. გული მწყდება, რადგან კარგი კადრები ყველა სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ჩვენ მომსახურების სფეროს წარმოვადგენთ და ჯერ კიდევ ძალიან გვიჭირს. მე ძალიან კარგი ოპერატორები მყავდა. იმედია, სამომავლოდ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას.

 

-ხელისუფლებასთან თუ გაქვთ კომუნიკაცია?

-პერიოდულად. ჩვენ გაწევრიანებული ვართ ტურიზმის ასოციაციაში, რომელიც ხელისუფლებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ძალიან აქტიურია. ცოტა ხნის წინ, სექტორმა ონლაინ ჩართვებით ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული მოთხოვნები, რაც გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს.   

 

-კონკრეტულად, რა მოთხოვნები გაქვთ?

-ის, რომ უნდა ვიცოდეთ როდის რა ხდება. ასეთ გაურკვევლობაში ძალიან რთულია რამე დაგეგმო, კომპანია რაღაცით გადარჩეს. ძირითადი მოთხოვნაა, რომ გარკვეული ნორმების დაცვით, თუნდაც, ადმინისტრირების გამკაცრებით, ვიცოდეთ რას ვაკეთებთ, როდის ვიხსნებით.

 

-თქვენს სექტორს სუბსიდირების კუთხით თუ ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები?  

-სუბსიდირების მექანიზმი ტურისტულ კომპანიებს ნაკლებად შეგვეხო, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს კომპანიას არაფერი მიუღია. 

 

-სად ხედავთ გამოსავალს?

-ახლა მექანიზმების შემუშავება ალბათ ცოტა დაგვიანებულია. ამ ეტაპზე, მთავარია ვიცოდეთ, როდის და რა პირობებით ვიხსნებით. ასევე მინდა აღვნიშნო, დრო რომ გამოგვითავისუფლდა, რაღაცები სხვანაირად დავინახეთ და ჩემს კოლეგებთან ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ უნდა გავაკეთოთ ისეთი ტურები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ახლა ეს მუშავდება და ვფიქრობთ, საპილოტე ტურის შესახებ თებერვალში გამოვაცხადებთ, მაგრამ ეს ისევ გარემო ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული, შეიძლება გადაიწიოს.    

 

-ტურისტული პაკეტების გაყიდვის კუთხით რა მდგომარეობაა?  

-არსებულ რეალობაში გვაქვს ძალიან მწირი არჩევანი - ეს მოიცავს დუბაის, მალდივებს, ზანზიბარს - მაგრამ მეტი კონკურენციის პერიოდშიც, აქ არის მაღალი ფასები. გასათვალისწინებელია ვალუტის კურსის საკითხიც, ბევრი ადამიანი ვერ აძლევს თავს ამის საშუალებს. ასევე, გამოვაცხადეთ კიევიც, რასაც აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი ძალიანაა მონატრებული თუნდაც, კომუნიკაციას, დასვენებას, გარემოს შეცვლას.  

 

-თქვენი გათვლებით, როდის შეიძლება სექტორი ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს?  

-ძალიან პოზიტიური გათვლებით, ჩვენი კომპანია ალბათ 1.5-2 წელში, სხვა კომპანიების შემთხვევაში, არ ვიცი, შეიძლება მეტი დროც დასჭირდეთ. თუმცა, ვფიქრობ ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები უნდა გვქონდეს, იმედია ხელი არ შეგვეშლება.

 

-რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში სამსახურს?

-სამსახურს ჩემს ბოლო შვილს ვეძახი. იმხელა ენერგია და მუხტი მაქვს ჩადებული, ფაქტობრივად, ბავშვებს მოვაკელი ის, რასაც სამსახურზე ვუთმობ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი საქმე. ადამიანებისგან ვიღებთ მადლიერებას. თუ ვინმე სამკურნალოდ მიდის, ვეხმარებით და ესეც დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. შეიძლება ვინმემ გამთენიისას 4-5 საათზეც დამირეკოს იმ კითხვით, რაშიც მე ვერ დავეხმარები, მაგრამ ეს არ მაღიზიანებს. 

 

-ჟურნალისტიკაში დაბრუნებას არ ფიქრობთ?

-ვერ, მაგრამ პანდემიამაც რომ დრო გამომითავისუფლა, დღემდე ვწერ, ეკონომიკური კუთხით ანალიტიკას ვაკეთებ, რაც საინფორმაციო სააგენტო „სარკეს“ ფარგლებში თავსდება. ადრე სწორედ იქ ვმუშაობდი. 


სტუმარი: ნინო წიკლაური - გოუ ტური; დირექტორი