13.ივნისი .2021 20:00

„1 ივლისიდან გაზის გამათბობლებს და წყლის გამაცხელებლებს ვეღარ გავყიდით, ვერც საგარანტიო ვალდებულებებს მოვემსახურებით“

  „1 ივლისიდან გაზის გამათბობლებს და წყლის გამაცხელებლებს ვეღარ გავყიდით, ვერც საგარანტიო ვალდებულებებს მოვემსახურებით“
views 25425
უკან

1 ივლისიდან ბიზნესისთვის ახალი რეგულაცია შედის ძალაში. საუბარია იმ ბიზნესსუბიექტებზე, რომლებიც აირზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ. „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები.

მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1 ივლისიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება როგორც - ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე ვრცელდება.

კერძო სექტორი ამბობს, რომ ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები პროდუქცია ფაქტობრივად არ არსებობს, შესაბამისად, თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, გამოდის ბაზარი მომხმარებლისთვის საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩება.

რეგლამენტის შესაბამისად პროდუქციის დამზადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთანაც, რაც ბიზნესის გათვლებით, მომხმარებლისთვის ტექნიკის მინიმუმ 2-3-ჯერ გაძვირებას გამოიწვევს.

„ზოგადად ჩვენ მივესალმებით ენერგოეფექტურ და უსაფრთხო სისტემის დანერგვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა ეს არის საკითხი, რომელსაც აუცილებლად უნდა გადიოდეს მთავრობა ბიზნესთან. სხვა შემთხვევაში მივიღებთ რეგლამენტს, რომელიც ვერ უპასუხებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. საუბარია ათეულობით მილიონი ლარის საქონელზე, რომელიც კომპანიებს ადგილზე გვაქვს, ზოგი შეკვეთილია, ზოგი გზაშია. ვფიქრობთ, გადავადებაა ალბათ ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე, თუმცა ეს პრობლემას არ ხსნის. საჭიროა სამუშაო შეხვედრები და ბიზნესის ჩართულობა მსგავსი ტექნიკური რეგლამენტის მიღებისას.

ეს რეგულაცია გავრცელდება ყველა საქონელზე მათ შორის არსებულზე, რომელიც შემოსულია და მათზეც, რომელიც გზაშია და 1 ივლისის შემდეგ შემოვა“- აცხადებს "ბაუმერ ჰოლდინგის" ხელმძღვანელი ლევან ყირიმლიშვილი.


რეგლამენტი ბიზნესს შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს. რეგულაცია ვრცელდება მათ შორის საამწყობრო ნაწილებზეც, რა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კერძო სექტორის თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან მწარმოებელი კომპანიები მსგავს დოკუმენტს არ გასცემენ. შესაბამისად, გამოდის, რომ 1 ივლისიდან ამ მიმართულებით კომპანიები ვერც სერვისის მომსახურებას გასწევენ და ვერც საგარანტიო ვალდებულებებს მოემსახურებიან.


„ეს რეგულაცია ეხება სათადარიგო ნაწილებსაც, რომელსაც შეუძლებელია გაუკეთდეს ის მოთხოვნილი სერთიფიკატი, რომელიც განსაზღვრულია რეგლამენტით. ეს შეუძლებელს ხდის საგარანტიო ვალდებულებების მომსახურებას, რადგან ეს დეტალები ახლიდან ვეღარ იწარმოება იმ სტანდარტის შესაბამისად ვერ მოხდება აღებული ვალდებულებების შესრულება.

სულ რომ შევძლოთ და მოგვაწოდონ ეს სერთიფიკატი, ფიზიკურად დროში ვერ მოესწრება. ეს დაკავშირებულია ასევე ხარჯებთან, რაც გაზრდის პროდუქციის ღირებულებას და მოსახლეობისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი ეს პროდუქცია. არსებული შეკვეთილი პროდუქციიდან როგორც ირკვევა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს უნდა დამზადდეს ახალი პროდუქცია, რომელშიც ქარხანა სხვა ფასს იძლევა. შეუძლებელი არ არის, დრო სჭირდება გადაწყობას, მაგრამ პროდუქციის თვითღირებულება გაცილებით მაღალი იქნება“-აცხადებს ბაუმერ ჰოლდინგის ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა