მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ე.წ. ძველი აფთიაქის შენობაში სასტუმრო და სამორინე იხსნება - ინვესტორი გალიფ ოზთურქია

612883f3c41cc
თამთა ჯიჯავაძე
28.08.21 13:25
3439
თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის ინვესტიციით, ბათუმში ისტორიული ძველი აფთიაქის შენობაში სასტუმრო, სამორინე და მაღაზია გაიხსნება.

ოზთურქის კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო და 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც bm.ge-ს „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორმა რაულ კახაძემ განუცხადა, კომპლექსი 2022 წლის იანვრიდან გაიხსნება. „ბათუმელების ტკბილი მოგონებების პატივსაცემად, შენობაში სიმბოლური აფთიაქიც განთავსდება. ეს იქნება ძველი აფთიაქი ახალი წამლებით", - განაცხადა რაულ კახაძემ. მისივე თქმით, შენობაში განთავსებულ ობიექტებში 50-70 თანამშრომელი დასაქმდება.

ცნობილია, რომ მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე შენობა, რომელსაც დღემდე ქალაქის პირველ აფთიაქს უწოდებენ, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს. შესაბამისად, მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

შენობა 2011 წელს, შპს "ჟასმინმა" იყიდა, რომელიც მრავალსართულიანი სასტუმროს განთავსებას ითხოვდა, თუმცა ამის უფლება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არ მისცა. მოგვიანებით, "მეტრო ჰოლდინგმა" კომპანია "ჟასმინი" იყიდა და ამ პროექტის ახალი ვარიანტიც წარადგინა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული შენობა, ინვესტორმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო, შენობის სიმაღლის გაზრდაზე ანუ სართულის დაშენებაზე უარი თქვა. მას შეუნარჩუნდა სრული იერსახე და ახალი სიცოცხლე შეიძინა“, - აღნიშნა კახაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის: „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ეროვნებით თურქი, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია. ოზთურქი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული და ასევე დაგეგმილი. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებს უკავშირდება.