07.აპრილი .2021 19:38

„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც "ლოქდაუნს“ აგვაცილებს“

  „მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც "ლოქდაუნს“ აგვაცილებს“
views 143
უკან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყებისა და ეპიდემიოლოგების მიზანი არ არის რეგულაციების მუდმივი გამკაცრების მოთხოვნით საკოორდინაციო საბჭოსთვის მირთვა. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მესამე ტალღის გავრცელებასთან ერთად შეზღუდვების გამკაცრებას შეეხებოდა. 

„ჩვენი პირველი ნაბიჯი, თხოვნა და მოწოდება ჩვენი მოქალაქეების მიმართ ისაა, რომ მკაცრად დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროსგან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან და შრომის ინსპექციის სამსახურისგან, ვინაიდან ვაკვირდებით, როგორ არის დაწეული პირბადის გამოყენების მაჩვენებელი და სოციალური დისტანცირება; დიდი აქტივობებია რესტორნებში, სადაც არ არის დაცული ის რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების მიზანი არ არის, რეგულაციების მუდმივი გამკაცრების მოთხოვნით, საბჭოს ჩაკეტვებისთვის მივმართოთ, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გამოიჩინონ გულისხმიერება და პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც ქვეყანას შემდეგ "ლოქდაუნს“ ააცილებს , - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად წერტილოვანი აქტიური ეპიდემიოლოგიური კამპანია უკვე დაწყებულია. „ინტენსიურად ვიკვლევთ როგორც კლასტერულ ჯგუფებს, ასევე იმ ვითარებას, რომელიც აღნიშნულ რეგიონშია და ვამკაცრებთ იქ ღონისძიებებს“, - თქვა მან.